„ყველაზე მძიმე სესხები, რაც 2012 წლამდე ჰქონდა აღებული მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, ჩვენმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად მოხსნა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გუგული მაღრაძე „რეზონანს" ესაუბრა.
მისი თქმით, წლობით დაგროვილი პრობლემების მოგვარება უცბად შეუძებელია და მას რამდენიმე წელი მაინც სჭირდება.
„მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება არაა ერთი და ორი წლის ამოცანა. არსებობს საკითხები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ ნებასა და მის მცდელობებზეა დამოკიდებული. არსებობს პრობლემები, სადაც ხელისუფლების მცდელობები მხოლოდ გარკვეული წლების შემდეგ იძლევა შედეგს. მოსახლეობის მდგომარეობის გარკვეული გაუარესება სწორედ იმ დამოკიდებულებების შედეგია, რაც, ერთი მხრივ, სესხების ფართო გავრცელებამ და მეორე მხრივ, დოლარზე დამოკიდებულებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.
კარგია, რომ ადამიანებს ჰქონდათ და აქვთ შესაძლებლობა მოიწყონ ცხოვრება დღეს და თანდათანობით გადაიხადონ ხვალ. იყო სესხები, რომლებსაც გამართლება აქვს (მაგ., ახალი ბინა, მცირე ბიზნესი) მაგრამ ყველამ ვიცით, რომ იყო და არის სესხების აღება ისეთი რამისთვის, რაც სრულიად გაუმართლებელია (მაგ., მაღალი კლასის მანქანის საყიდლად, შვილის ქორწილის გადასახდელად და სხვა). მით უმეტეს, ყველაზე მძიმე სესხები, რაც 2012 წლამდე ჰქონდა აღებული მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს (სესხები ახლობლის სამკურნალოდ), ჩვენმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად მოხსნა - დღეს თითქმის არავის არ სჭირდება სესხი ოპერაციისთვის ან მკურნალობისათვის.
ხელისუფლება ცდილობს ასეთ ადამიანებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს იგივე გალარების პროგრამით, ონლაინ სესხების რეგულაციებით და სხვა. თუმცა, წლობით დაგროვილი პრობლემების უცებ მოგვარება შეუძლებელია. რეალისტურად უნდა შევაფასოთ ის მცდელობები, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჯერჯერობით საქართველოს არ გააჩნია ისეთი პროდუქცია (ან ძალიან მცირეა), რომელსაც ვალუტის შემოტანა შეუძლია. ამასთანავე, წარმოება არ გვაქვს განვითარებული ისე, რომ ვალუტას არ ვხარჯავდეთ. ამ გზით უნდა განვავითაროთ ეკონომიკა და ხელისუფლების გეგმა ესეცაა", - განაცხადა მაღრაძემ.
გუგული მაღრაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის 2017 წელს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი განათლება უნდა იყოს, რათა ყველა სხვა კუთხით შევძლოთ განვითარება.
„ეკონომიკის განვითარებისათვის თითოეული ადამიანის აქტივობა გადამწყვეტი ხდება. მან უნდა მიიღოს სათანადო განათლება და შექმნას სამუშაო ადგილები, სხვაგვარად ეკონიმიის აღმავლობა, მხოლოდ სამთავრობო დახმარების იმედზე, ფუჭია. ცხადია, 2017 წელს გაგრძელდება ბიზნესის დახმარების უკვე არსებული პროგრამები, იქნება ახალი პროგრამები, დახმარება ფინანსური თუ ტექნიკური, მაგრამ მოსახლეობის განათლება საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად და მათი ბიზნესაქტივობა უმთავრესია.
ბიზნესის გლობალური ინოვაციის ინდექსში 68 ადგილი გვიკავია 128 ქვეყანას შორის. მართალია აქ წინსვლა გვაქვს 9 პუნქტით, მაგრამ განათლებასა და კვლევებში ჩამოვრჩებით. ეს კი ის ფაქტორებია, რაც გრძელვადიანი განვითარებისათვისაა აუცილებელი და ესაა ჩვენი გამოწვევა 2017 და მომდევნო წლებში. ამიტომ, განათლება უნდა იყოს პრიორიტეტი.
ჩემი, როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მთავარი ძალისხმევა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებისათვის საჭირო რეფორმების განხორციელებისკენ იქნება მიმართული. ეს იქნება ზოგადი, პროფესიული თუ უმაღლესი განათლება. ასევე საჭიროა რეფორმები მეცნიერების განვითარებისათვის, რათა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.