logo_geo
eng_logo
ყურადღება - თაღლითი!
- +

19 იანვარი. 2017. 20:40


 


მედიასაშუალებებით საქართველოში არა ერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია „ინვესტორის" სახელით შემოსული ისრაელ ახმედოვის ბურუსით მოცული საქმიანობის შესახებ. პირველი ეფექტიც ყველამ იხილა - „ინვესტორი" ჩვენს ქვეყანაში დიდი, აზერბაიჯანული ამალით გადაადგილდებოდა და საქმიან შეხვედრებს მართავდა ბიზნესმენებთან, მინისტრებთან, ქალაქის მერთან და ა. შ. მაშინ არავინ მიაქცია ყურადღება, თუ რატომ ითხოვდა მთელი კატეგორიულობით ისრაელ ახმედოვი საკუთრებაში ჰქონოდა მედიასაშუალებები. განსხვავებული მიდგომა და ინტერესი ჰქონდა რელიგიისადმი. ასევე მის არეალში მოექცა ისეთი ობიექტები, როგორიცაა - ზოოპარკი, ბობოყვათის რეზიდენცია, პროექტი „შავი მარგალიტი"... გონიოში 500 მლნ­ის ინვესტირებას აპირებდა და ასევე სურდა ჰქონოდა საწარმო კახეთში, გურიაში საკონსერვო ქარხანა, ზუგდიდში თხილის ქარხანა და ა.შ.


თუმცა, ეს მხოლოდ სასიამოვნო მოლოდინი აღმოჩნდა, რადგან რეალური სურათი გაცილებით სხვა იყო. გაირკვა, რომ ერთი წლის მანძილზე ისრაელ ახმედოვმა ამუშავა ქართველები, აზერბაიჯანელებიც და შემდეგ მოატყუა ისინი. სლენგის ენაზე რომ ავხსნათ და მარტივი იყოს გასაგებად - უბრალოდ „გადააგდო" ეს ადამიანები... რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ ,,გადაგდებულებში" აღმოჩდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე მთელი ჯგუფი - ბუღალტერი, იურისტი, მდივანი, მძღოლი, დაცვის წევრები და ა.შ. უფრო მეტიც, ისრაელ ახმედოვმა რამდენიმე ქართველს იქეთ მიატანინა გარკვეული რაოდენობის თანხა, იმ საბაბით, რომ ვიდრე ჩაერიცხებოდა, მანამდე ხელი მოენაცვლებინათ. ახლა, რა თქმა უნდა, ემალება თითოეულ მათგანს, „გადაგდებული პარტნიორები" კი, უკან დასდევენ და ეხვეწებიან საკუთარი თანხების დაბრუნებას.


ამ ხნის განმავლობაში ისრაელ ახმედოვი სასტუმრო ,,ნიცაში" ცხოვრობდა და სტუმრებთან ერთად, აქაც კოლოსალური დავალიანება დატოვა. სიტუაცია იმდენად გართულდა და ზარალიც საკმაო დადგა, სასტუმროს მეპატრონე თვითმკვლელობამდე მივიდა, რომელიც საკუთარმა დამ გადაარჩინა! მთელი ჯგუფი ერთი წლის სახელფასო დავალიანების დაფარვას სთხოვს ისრაელ ახმედოვს, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ უღიმის მათ და სიტყვით „ზავტრა" - ემშვიდობება. ასე თენდება ყოველი დღის „ზავტრა" ისრაელ ახმედოვისთვის და დაზარალებული ადამიანებისთვის. რამდენიმე ხანში მისი მხრიდან რელიგიური თემებით დაინტერესებაც მოხდა და აქაც ქართველების გონიერებამ გამოიღო შედეგი - საპატრიარქოში ბობოყვათის რეზიდენციის თემა საბოლოდ ჩაკეტეს ისრაელ ახმედოვისთვის. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ე.წ. ინვესტორი ძალიან ხშირად იყენებდა აზერბაიჯანის პირველი ლედის, მეჰრიბანის სახელს და მართავდა ბიზნესშეხვედრებს ამ სტატუსის ქვეშ. განსაკუთრებით მაშინ სპეკულირებდა ქალბატონ მეჰრიბანის სახელით, როცა საკითხი ეხებოდა ტელევიზიების შეძენის თემას. რა თქმა უნდა, გაურკვეველი არაფერი რჩება და ეს თემაც ჩაიკეტა ისრაელ ახმედოვისთვის. როგორც კი ტელევიზიის მფლობელებმა მოიძიეს დამატებითი ინფორმაციები და დაადგინეს, რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა არავითარი კავშირი აზერბაიჯანის ყველაზე ელიტურ ოჯახთან, მიხვდნენ რომ მისი სახით, ერთი ჩვეულებრივი თაღლითი, ავანტიურისტი მოქმედებდა. უფრო შორსაც წავიდნენ მოტყუებული ადამიანები და დღეს, ბაქოში პირველ ლედის ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც დაწვრილებით აცნობენ შექმნილ მდგომარეობას. რეაქცია აზერბაიჯანიდან, სავარაუდოდ, ძალიან მკაცრი იქნება. თუმცა, ვიდრე ბაქოში ალიევი და მისი მეუღლე გადაწყვეტილებას მიიღებენ, საქართველოში მოტყუებული ადამიანები სამართლებრივ ჩარჩოში იწყებენ „თაღლითი ინვესტორის" პასუხისგებაში მიცემას. შესაბამისად, გამოძიება დაინტერესდება საიდან და როგორ შემოიყვანეს ქართველებმა ისრაელ ახმედოვი, რა მიზანი აქვს მას საქართველოში და გვიღირს თუ არა ქართველებს მსგავსი სახის ინვესტირების განხორციელება?! კითხვები ბევრია - რა ფულია ეს? რატომ ურტყამს მიზანმიმართულად რელიგიურ მრწამსს? რისთვის სჭირდება მედიაბერკეტები საქართველოში და, საერთოდ, რამდენად დაცულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება?! კარგია, რომ საპატრიარქომ და ,, TV 8" უარი განაცხადეს ისრაელ ახმედოვთან თანამშრომლობაზე. უკვე გაირკვა, რომ მას პრობლემები აქვს აზერბაიჯანშიც, სადაც იცნობენ, როგორც თაღლითს და ფინანსურ მაქინაციებში გაქნილ პიროვნებას. თუმცა, ნაკლებად წარმოიდგენდნენ, რომ ეყოფოდა გამბედაობა და თავის ,,ჩახლართულ ისტორიებში" ქალბატონი მეჰრიბანის სახელს გამოიყენებდა.


ჟურნალისტთა ჯგუფი უკვე ამზადებს ოფიციალურ წერილს პრეზიდენტ ალიევის მეუღლის სახელზე. სავარაუდოდ, იქაური სპეცსამსახურები ჩაერთვებიან ამ სქემის გამოაშკარავებაში და დიდი ალბათობით, ვიდრე საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები მოიკვლევენ ინფორმაციებს, აზებაიჯანული მხარე ისრაელ ახმედოვს პასუხისგებაში მისცემს. აღნიშვნის ღირსია, კიდევ ერთი ფაქტი, რომლის გადამოწმებაც ძალიან ადვილია - „თაღლითმა ინვესტორმა" აზერბაიჯანიდან, მოტყუებით რამდენიმე ადამიანი ჩამოიყვანა (სამი მათგანის სახელი ცნობილია - ახმედი, ფარჰატი, ელვარი) რომლებსაც დიდი ოდენობით თანხები ჩაადებინა საქართველოში გაურკვეველი მიმართულებით. ეს ადამიანებიც მოატყუა და რის ვაი­ვაგლახით გაუშვა უკან. ოფისში ასევე მიუვარდა საკუთარი მეუღლე - მარჯანიც, რომელიც ასევე მოტყუებით წაღებულ 50 000 აშშ დოლარს სთხოვდა და ცოლ­ქმრის სკანდალს ოფისის კომპიუტერული ტექნიკაც შეეწირა. ფაქტია, რომ როცა ადამიანი საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ ინდობს, მისთვის სხვების მოტყუება ჩვეულებრივი ,,სამუშაოა". ამიტომ მივიღეთ ათობით გაუბედურებული დაზარალებული, რომლებიც პასუხს ითხოვენ და კუთვნილი თანხების დაბრუნების იმედი აქვთ. თუმცა, იმდენად ჩიხში მოექცა შექმნილი სიტუაცია, არსებობს მაღალი რისკი - ყველაფერი ტრაგედიით დასრულდეს და როცა სამართალდამცავები ამ ფაქტებს არ სწავლობენ, სამართალი დაზარალებულმა ხალხმა აღადგინონ. კიდევ ერთ ფაქტსაც გაგაცნობთ - ისრაელ ახმედოვს ერთ­ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა ქალბატონმა 36 000 დოლარი მისცა, იმ პროექტის დასაწყებად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისიც მოატყუა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მართალია, ამ „მნიშვნელოვანი პროექტების" თითქმის მილიონიან კონტრაქტებს ბეჭედს ურტყამდა და ხელმოწერასაც აფიქსირებდა, მაგრამ ყველაფერი ფარსი იყო. მუშა­ხელსაც დროებით ასაქმებდა - ჩამოჰყავდა მარნეულიდან, ან ბოლნისიდან, ამუშავებდა 2­3 თვე მძღოლად და ისე გაუშვებდა, ანაზღაურებასაც არ აძლევდა. ცხადია, იმ ადამიანებსაც ვალები დაუგროვდათ და თითქმის ყველა მათგანის მანქანა ლომბარდმა წაიღო. ბაქოში გაუშვა ასევე გადამღები ჯგუფი, რომლებსაც განუცხადა, რომ „იმპროტექს" ჯგუფი აფინანსებდა მათ და ისე ამუშავეს ჟურნალისტები ფილმზე, ჰონორარიც არ გადაუხადეს. საბოლოოდ ნათელი მოეფინა ყველაფერს - ცნობილი თაღლითი ,,იმპროტექსსაც" აწერდა ფულს, რომელიც ბაქოში სერიოზული კომპანიის სახელით არის ცნობილი და მისი პროფილი მანქანათმშენებლობაა. ამ კომპანიის მესვეურებსაც გაუჩნდათ ეჭვები ისრაელ ახმედოვის თაღლითობის შესახებ და საქმიდან ჩამოიცილეს. გაირკვა ის მაქინაციაც, თითქოს შეიძინა ამერიკის საელჩოს წინ სამსართულიანი, დიდი სავაჭრო ცენტრი, კონტრაქტი გააფორმა, ვინმე დავით ლაშქარავათან, 7 თვეში ჩაურიცხავდა თანხას 3 მლნ­ს. შენობის მეპატრონემ ყველა პირობა მიიღო და ურთიერთობა ოფიციალურადაც გაფორმდა. თუმცა, ერთ თვეში მიხვდა ლაშქარავა, რომ სერიოზულ აფერასთან ჰქონდა საქმე და კონტრაქტი გააუქმა. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ჩამოყვანილი აზერბაიჯანელებისთვის სჭირდებოდა, თურმე ეს შენობა და ასევე ტელევიზია, რომ ამ ე.წ. ატრიბუტიკით შეეფუთა საკუთარი იმიჯი და ეჩვენებინა, რომ ავტორიტეტული პერსონა იყო - ფლობდა სოლიდურ სავაჭრო ცენტრსა და მედიასაშუალებას. მოკლედ, ყველა ნიშანი სახეზე ჰქონდა, რაც თაღლითური ტიპაჟის კლასიკური გაგებისთვის არის აუცილებელი. სინამდვილეში კი, მის ,,ბალანსზე" მხოლოდ ათეულობით მოტყუებული აზერბაიჯანელი და ქართველი ირიცხება, რომლებიც ამ დრომდე დასდევენ და კუთვნილ თანხებს ედავებიან. იმედია, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ამ პიროვნების შესახებ ყველა ინფორმაციას გადაამოწმებენ, შეხვდებიან დაზარალებულებს, დაადგენენ სიმართლეს და საბოლოოდ გაირკვევა - რა ზრახვები ამოძრავებს ისრაელ ახმედოვს, რატომ მიჰყო ხელი თანხების ამ ფორმით, აშკარა თაღლითური გზით აკუმულირებას, რატომ სურს მედიაბერკეტის ფლობა საქართველოში და რა ინტერესი აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ.


დღეს ისრაელ ახმედოვი გურიის მხარეშია, გუბერნატორს ხვდება და პირობას აძლევს, რომ რამდენიმე საწარმოო ხაზსს გახსნის და რეგიონის სოციალურ­ ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ქმედითი ნაბიჯებიც და დასკვნებიც, უკვე შესაბამისი ორგანოების კომპეტენციაა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner