მექსიკამ აშშ-ს ცნობილი ნარკობარონი ხოაკინ „ელ ჩაპო" გუსმანი გადასცა. მისი ექსტრადიცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
„ელ ჩაპო" გუსმანს ბრალდებები აშშ-ის ექვს შტატმა წაუყენა, ეს ბრალდებები ძირითადად ნარკოტრაფიკსა და მკვლელობებს ეხება.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, „ელ ჩაპოს" სასამართლო პროცესი ტექსასისა და კალიფორნიის შტატებში გაიმართება. სავარაუდოდ, მას სიკვდილით დასჯა არ ელოდება, ვინაიდან სასჯელის ამ ფორმაზე უარის თქმა მისი ექსტრადიციის ერთ-ერთი პირობა იყო. მექსიკაში სიკვდილით დასჯა 2005 წელს აიკრძალა.
„ელ ჩაპოს" ექსტრადიციის პროცესი გასული წლის იანვარს დაიწყო.
ხოაკინ „ელ ჩაპო" გუსმანი წლების განმავლობაში სათავეში ედგა „სინალოას" ნარკოკარტელს და აშშ-ში არალეგალურად რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ნარკოტიკები აქვს შეტანილი. ის მექსიკაში რამდენჯერმე გაიქცა ციხიდან.