logo_geo
eng_logo
კოლმეურნეობის თავმჯდომარის ვნებანი
- +

25 მარტი. 2016. 20:24


თამაზ წივწივაძემ მოსწრებულად განსაზღვრა: „ჩვენთან, საქართველოში ახლა პეპლაობის სეზონის დარი-ამინდი დგას" (იხ. წლევანდელი 18 მარტის „ლიტერატურული საქართველო").


ზუსტი დიაგნოზია!

 

ახალგაზრდა პოეტმა ამირან ჯანჯღავამ კი ასეთი სტროფი შემოგვთავაზა:

 

...იღიმებოდნენ კაცები შორით,

და იღლიაში ამოჩრილ გაზეთს

დაჰქონდა მთელი სამყაროს ჭორი.

 

ასეა!


პეპლაობის სეზონში და ჭორაობის ზეობის დროჟამს ეთიკაზე საუბარი ჩვენთან, საქართველოში ნორმიდან ამოვარდნილ მატრაკვეცობას ჰგავს, ანუ წლევანდელი მარტივითაა, როცა გაზაფხულის დადგომა ღრუბლიანი დღეების ნაცრისფერმა სევდამ, კაცმა არ იცის, როდისთვის გადადო და გადაანაცვლა.


იაპონიაში საკურა აყვავდა.


საქართველოში პორნო ვიდეოჩანაწერები გადაიფურჩქნა ინტერნეტში, ჩამოინგრა ზნეობრიობა, რომელსაც აქამდისაც „ლიბერასტული თავისუფლება" უთხრიდა ძირს, თავზე დაგვემხო ბაბილონის გოდოლი.


სიძვის ფერფლში ჩაიმარხა თბილისის კეთილშობილება, როგორც პომპეი ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ.


გამჟღავნდა გაუმჟღავნებელი, რომლითაც ბილწნი იმყარებდნენ ძალა-უფლებას - მანქურთების ბელადები.


სლიპინა შიში შესრიალდა საზოგადოებრივ სხეულში და აკანკალდა საზოგადოებრივი აზრი მრუშობის შესაძლო გამჟღავნების გამო.


ბევრნი ყოფილან ასეთი პერსპექტივით დაბლოკილნი. სვლად გამოვიდნენ რუსთაველზე, დემონსტრაციად. პლაკატები გამოიტანეს - „ეს შენც გეხება!" - დააშინეს საზოგადოებრიობა და თავის გასამართლებლად მთავრობას შეაწმინდეს ხელი.


ნამუსი მოიწმინდეს.


ამასობაში ბრიუსელში აფეთქება აფეთქებას მოჰყვა და სისხლიანმა ტერორმა ევროპის გულში ჩაასო თავისი ზამანი - ქვა, რომელიც ოდესღაც საზღვრის გავლებას ნიშნავდა, ტერიტორიის შემომტკიცებას.


რა დროს ეთიკაზე საუბარია!


მაგრამ არც უთქმელობა ეგების, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზნეობრივი ნორმა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის: გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს.


პოლიტოლოგმა ერთმა, რომელსაც ყველა ტელეარხი კარს უღებს როგორც სასურველ სტუმარს, „იმედის" „ქრონიკაში" ჩვენი საზოგადოებრიობის დამოძღვრის მორიგი სეანსის დროს (კაშპიროვსკი!) განაცხადა: „პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი ედუარდ შევარდნაძეს დაემსგავსა".


რატომ, პატივცემულო, და რით დაემსგავსა? პოლიტოლოგის (თუ ეკონომიკური ექსპერტის) მისამართით ვკითხულობ, ანუ, როგორც ახალი ქართულით ითქმის - იმასთან მიმართებაში.


ვინ არის ეს ინკოგნიტო „ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, რომლის გვარსაც არ დავასახელებ?"


იგია, დიახ! ვინც მიხვდება, ხომ კარგი, ვინც - ვერა, შეხედოს ეკრანს და თვალში ყველაზე ხშირად დირესავით რომ გაეჩხირება, ი-გია.


თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, იგია თუ სხვა, რადგან ამ შემთხვეაში იმდენად პერსონა კი არაა საინტერესო, რამდენადაც ზნეობის ნორმის კონკრეტული დარღვევის ფაქტი, რომელსაც ჩვენი მორალისტების უმეტესობა არად დაგიდევთ.


მაშ, რით დაემსგავსაო უსუფაშვილი შევარდნაძეს?


იმით, თურმე, რომ შევარდნაძესავით გაუგებრად ლაპარაკობს, სიტყვების აბდაუბდა რახარუხითო.


მოკლედ - ბოდიალობს.


ისმინეთ: „უსუფაშვილის განცხადებები იყო შევარდნაძის განცხადება, ილაპარაკა რაღაც გაუგებარ ოპერაციულ შეთანხმებაზე, რომელსაც სამი დღეა გვიხსნიან, და ვერავინ აგვიხსნა, რას ნიშნავს".


„უსუფაშვილის განცხადებები იყო შევარდნაძის განცხადება", - ჩიქორთულით გამართული ეს წინადადება კოლმეურნეობის ინკოგნიტო თავმჯდომარის სიტყვაკაზმული მჭერმეტყველების ნიმუშად ჩავთვალოთ.


- ხომ? - როგორც მას უყვარს ასეთი შეკითხვით მსმენელებისადმი ხშირ-ხშირად მიმართვა, ვიკითხოთ ჩვენც:


- ხომ?


მაგრამ, მოდით „განცხადებები"-„განცხადება" ლაფსუს ლინგვათი გავამართლოთ და უსუფაშვილთან ურთიერთობის გარკვევის უფლება დავუტოვოთ მასშტაბურად მოაზროვნე ექსპერტს.


სხვა კუთხით შევხედოთ.


მოხმობილ ციტატაში მთავარი სიტყვა არის „გაუგებარი", ვერვისგან აუხსნელი. უსუფაშვილი ისე გაუგებრად ლაპარაკობს, როგორც შევარდნაძე(!)


გაუგებრად მოლაპარაკე ედუარდ შევარდნაძის ესმოდათ და იგებდნენ: ამერიკის პრეზიდენტები - რონალდ რეიგანი, მამა-შვილი ბუშები, ბილ კლინტონი; სახელმწიფო მდივნები: შულცი, ბეიკერი; გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი, რკინის ლედი მარგარეტ ტეთჩერი; უსმენდნენ შევარდნაძეს გაეროში, ნატოში, ევროსაბჭოში, საერთაშორისო კონფერენციებზე, ყრილობებზე, სხვათა შორის, ამბოხის მონაწილენიც მოსკოვში და ა.შ. და ა.შ., და არსად, არავის წამოსცდენია გაუგებრად ლაპარაკობსო იგი. მარტო ეგ ჩვენი „კოლმეურნეობის თავმჯდომარე" ვერ იგებდა თურმე შევარდნაძის ნაუბარს.


მისი პრობლემაა.


ეს - ერთი. ახლა - მეორე.


წინააღმდეგობაში ვარდება პატივცემული იქვე, იმავე გამოსვლაში: ხომ ამბობს შევარდნაძე გაუგებრად ლაპარაკობდაო?


- ხომ?


დიახ, და იქვე აღიარებს, რომ შევარდნაძე იყო ინტელექტუალი. ირიბად, მაგრამ გასაგებად.


აბა, დააკვირდით: „რესპუბლიკურ პარტიაში" ერთადერთი ინტელექტუალური ფიგურა დავით უსუფაშვილია... სხვამ ყველამ დაამტკიცა, რომ ამბიციის გარდა იქ (რესპუბლიკურ პარტიაში") აღარაფერია დარჩენილი".


ე.ი. უსუფაშვილი-ინტელექტალი ერთადერთია პარტიაში, რომელიც „ედუარდ შევარდნაძეს ძალიან დაემსგავსა".


მაშასადამე, ედუარდ შევარდნაძე ინტელექტუალია, რომელსაც დაემსგავსა დავით უსუფაშვილი, ვითარცა ინტელექტუალი. ჰოდა ეს, შევარდნაძეს დამსგავსებული ინტელექტუალი ლაპარაკობს რაღაც „გაუგებარს ოპერატიულ შეთანხმებაზე, რომელსაც სამი დღეა გვიხსნიან და ვერავინ აგვიხსნა, რას ნიშნავს".


ესეც მისეული ლოგიკა და გამართულად ლაპარაკის უნარი.


რა ხდება?!


სააკაშვილზე და ნაცებზე აუგის თქმა დასაგმობია.


- ვაშინერს! - როგორც სამეგრელოში იტყვიან.


დასაგმობია, რადგან ასეთია კოაბიტაციის (და არა კოჰაბიტაციის) დევიზი.


შევარდნაძეზე?


გაჰკარით „თითო ქიშტი", ბლოკვი, ანუ მუშტი, ვისაც არ გეზარებათ! ესეც იმ ოპერიდანაა, რომლის ლაიტმოტივით აღნიშნეს თბილისის ოპერისა და ბალეტის ცხოველთა ანტიქურქიზმის ახალგამოჩეკილმა ადეპტებმა - იმათ, ვინც დღეს არა, ხვალ შეუტევენ უკვდავ „ვეფხისტყაოსანს" იმის გამო, რომ


„მას (ტარიელის) ტანს კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა,

ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა.


მაინც და მაინც საზეიმო გახსნაზე სურთად დასწრება. ვერ მოახერხეს და გამწარდნენ.


ახლა ოპერის სპექტაკლებს კანტი-კუნტი მაყურებელი თუ ესწრება. ქურქების სეზონიც მიილია. დაშოშმინდნენ ცხოველთა ინტერესების დამცველი ჰომო საპიენსები.


ასპარეზზე დარჩნენ ეთიკასთან მწყრალად მყოფი სპეცები, ექსპერტები და კოლმეურნეობის უსახელო თავმჯდომარეები.


P.S ...„ჩვენთან, საქართველოში „პეპლაობის სეზონის დარი-ამინდი დგას".

 

გამოდარებას პირი არ უჩანს. პირზე მომდგარი დუჟი კი ეშმაკის დასაწყისიაო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner