logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შოთა ქადაგიძის კანდიდატურას სთავაზობს
- +

20 იანვარი. 2017. 11:54



ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის ვაკანტურ პოზიციაზე დასამტკიცებლად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის, უფლებადამცველის შოთა ქადაგიძის კანდიდატურას სთავაზობს. ორგანიზაციამ შოთა ქადაგიძის კანდიდატირა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 2017 წლის 11 იანვარს, ოფიციალური წესით, უკვე წარუდგინა.


„მიგვაჩნია, რომ შოთა ქადაგიძე აკმაყოფილებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენისთვის დადგენილ კრიტერიუმებს და შესაძლებლობებს - განათლებას, პროფესიულ გამოციდლებას და მიუკერძებლობას. იმავდროულად, შოთა ქადაგიძის კანდიდატურა სრულ შესაბამისობაშია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და საბჭოში შემდგომი საქმიანობისთვის აუცილებელ პროფესიულ და პიროვნულ შესაძლებლობებთან.

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი და ჩართულობა. ამ მიმართულებით, ასევე, მნიშვნელოვანია საბჭოს ყველა წევრი აცნობიერებდეს და პასუხისმგებლობას იღებდეს სასამართლო რეფორმის შედეგებზე და პროცესზე. შესაბამისად, საბჭოს ახალი წევრის შერჩევას, ამ ამოცანების შესასრულებლად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს კანდიდატების პროფესიული გამოცდილების, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და კანდიდატის პიროვნული დამოუკიდებლობის გათვალისწინებით. მიგვაჩნია, რომ ბატონო შოთა ქადაგიძე, რომელიც კარგად იცნობს საერთო სასამართლოების საქმიანობას და სისტემას, წარმოდგენილი კონკურსისთვის შესაფერისი, ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატია. ამიტომაც, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს ბატონი შოთა ქადაგიძის კანდიდატურას" - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაგზავნილ წერილში.


„ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატ შოთა ქადაგიძეს გააჩნია საერთო სასამართლოების სისტემაში საქმიანობის გამოცდილება, იცნობს სასამართლო სისტემას და აქვს ამ სისტემაში მუშაობის პრაქტიკა. 2001-2006 წლებში, საქმიანობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე. 2007-2008 წლებში, იყო საქართელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე. 2010-2013 წლებში, საქმიანობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამივე კოლეგიის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, 2013 წლიდან - დღემდე, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და საერთო სპეციალიზაციით, პრაქტიკოსი ადვოკატი. არის არაერთი წარმატებით დასრულებული სასამართლო დავის ავტორი.


2017 წლის 20 იანვრიდან, საქართველოს პარლამენტი უკვე იწყებს იმ ვაკანსიის შევსებაზე მსჯელობას, სადაც პარლამენტის მიერ წევრის არჩევა მაღალი - 2/3-იანი კვორუმით უნდა მოხდეს. სწორედ მაღალი კვორუმი გახდა მიზეზი იმისა, რომ საბჭოში ერთი ადგილი ოთხი წელია, რაც თავისუფალია. ამასთან, სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა 29 დეკემბერს დაამტკიცა (პრეზიდენტს ხელი ჯერ არ მოუწერია) 2/3-იანი კვორუმი შემცირდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის არჩევა ხმათა 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მოხდება.


ცნობისთვის: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ვაკანტურ პოზიციაზე, შოთა ქადაგიძის კანდიდატურასთან ერთად, დასახელებულია: იგორ კოპალიანის, ამირან ზენაიშვილის, ცისმარი ონიანის, მარიამ ცისკაძისა და გრიგოლ გაგნიძის კანდიდატურები. „ახალგაზრდა ადვოკატების" წარდგენის შემდგომ, შოთა ქადაგიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა კიდევ ერთმა ორგანიზაციამ - „საზოგადოებრივი დამცველი".








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner