ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორების პროტესტი გრძელდება, დღეს მერიის წინ მშობლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს. გათავისუფლებული პედაგოგები პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ.
მათ სულაც არ ეთანხმება უგულავას მერობის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლებული 90-ე საბავშვო ბაღის დირექტორი ნანი ჯანელიძე, რომელმაც „ფოსტალიონთან" საუბარში ის დღეები გაიხსენა, როცა ერთდროულად 207 პედაგოგი დარჩა სამსახურის გარეშე და ისიც აღნიშნა, რომ არავის მოუკითხია მათთვის და არ გარკვეულა რეალურ სიტუაციაში.
„როგორ მოხდა მასიურად დირექტორების განთავისუფლება რომ მახსენდება, ახლაც კი ვერ ვიკავებ თავს, იმხელა ნერვიულობა მაქვს გადატანილი. 1994 წელს დავინიშნე 90-3 საბავშვო ბაღის დირექტორად, აქამდე ვმუშაობდი სკოლაში მასწავლებლად. დამთავრებული მაქვს საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელისა და მედიცინის სპეციალობა, ასევე დამთავრებული მაქვს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. სკოლაში 17 წელი ვიმუშავე, ვარ დამსახურებული პედაგოგი. აქტიური მუშაობის გამო, 1994 წელს გადამიყვანეს 90-ე ბაღის დირექტორად. საშინელ პირობებში ჩავიბარე შენობა, გაუქმებაც კი უნდოდათ, მაგრამ მშობლების მოთხოვნით შენობა დარჩა ბაღს, მერე კი ჩემი მეგობრების, მშობლების, ჩემი შვილის დახმარებით, რომელიც მაშინ ჰოლანდიაში ცხოვრობდა , შევძელი და 3 წელიწადში ერთ-ერთი საჩვენებელი ბაღი გახდა. 24 საათი ბაღში ვიყავი, ყოველ წამს ვმუშაობდი კოლექტივთან ერთად. მერე გავყიდე აგარაკი მცხეთაში და ბაღი ევროსტანდარტების დონეზე მივიყვანეთ, ბავშვების დიდი კონტიგენტი გვყავდა, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს ბავშვები ყველა კულტურულ ღონისძიებაში ყოფილიყვნენ ჩართულნი, თავად ხელოვანი ვარ და არაფერს ვაკლებდი ბავშვებს.
ჩემი შეთავაზებით მუსიკის პედაგოგად მოვიდა ლელა გოგორიშვილი, ამასობაში შვებულების დროც მოვიდა და სწორედ შვებულებაში მყოფნი გაგვათავისუფლეს თანამდებობიდან. არც კონკურსში მიმაღებინეს მონაწილეობა, რადგან იმ წელს შემისრულდა 60 წელი. კონკურსზე მუსიკის მასწავლებელი გოგორიშვილი წავიდა, მე ამ დროს უკვე დირექტორის მოადგილედ ვიყავი გადაყვანილი. დახმარებაც კი შევთავაზე. მერე ჩატარდა კონკურსი, არ ვიცი გაიარა, არ გაიარა, მაგრამ ერთ დღესაც მოგვევლინა დირექტორად.
შემოსვლის წუთებიდან ჩემდამი საშინელი აგრესია გამოავლინა, გაუშვა სამსახურიდან ყველა პროფესიონალი და მოიყვანა თავისი კადრები. მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მას მხოლოდ ათწლედი აქვს დამთავრებული და თუ დიპლომი აქვს, ის ყალბია. არ მეშინია ამ სიტყვების და საქმე ისაა, რომ ყველა ახალი კადრი თავისნაირი მოიყვანა.
ოქტომბრის თვეში ჩაატარა თათბირი, მეც ვესწრებოდი და იქ მითხრა, რომ უნდა დამეტოვებინა ეს თანამდებობაც და ისიც მითხრა-ზემოდან მითხრეს და შენ ნაციონალური მოძრაობა არ გადაგიხდის ხელფასს და სხვა პარტიის ხალხმა გიხადონო. მე ვუთხარი, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და მუშაობის დროს არც პარტიულ შეხედულებას უნდა ჰქონდესთქო რაიმე მნიშვნელობა, მან მაინც გამათავისუფლა. ნერვიულობაზე შემერყა ჯანმრთელობა. ერთი კვირა კომაში ვიყავი. 207 ბაღის გამგე ერთდროულად გამოგვყარეს სამსახურებიდან და არც ერთი ჟურნალისტი არ დაინტერესებულა, არ მოსულა და არ უკითხავს რაში იყო საქმე. არც სასამართლო გვაქცევდა ყურადღებას. ვოცნებობდი სამართალი აღმდგარიყო, მეუღლე ორჯერ დაიჭირეს, 26 მაისს საშინელ დღეში ჩააგდეს და სანამ ჩემმა შვილმა არ დაურეკა ჰოლანდიიდან და არ უთხრა, რომ მთელ საზღვარგარეთს ფეხზე დააყენებდა, თუ არ შეწყვეტდნენ ზეწოლას, იქამდე არაფერი გვეშველა.
ახლა როგორც იქნა აღსდგა სამართალი და 2 დღეა, რაც 91-ე ბაგა-ბაღის დირექტორად დავინიშნე. დღემდე 39-ე ბაღში დირექტორის მოადგილე ვიყავი. ახალ ბაღში დაძაბული სიტუაცია დამხვდა, მაგრამ მოვეფერე, დაველაპარაკე და მდგომარეობა გავანეიტრალე. აი, ეს იყო პოლიტიკური სარჩული დ არა ის, დღეს რომ ამბობენ. ორ-ორი და სამ-სამი ჯიპები გამოიცვალეს ზოგიერთებმა. პარტიულობა რა შუაშია, მთავარი საქმეა. მე პირველსავე დღეს გამოვაცხადე ბაღში, რომ არ მაინტერესებს პოლიტიკა, თუ თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებენ, ყველა იქ დახვედრილი ადამიანი გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება სააგენტოს, მან უნდა გააკონტროლოს ბაღების მუშაობა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემს დროს მოხსნილი დირექტორებიდან ზოგმა უკვე იპოვა სამართლიანობა და მუშაობს, ზოგიც პასუხს ელოდება და დიდი მადლობა მერიას, მადლობა სააგენტოს,რომ სამართალმა იზეიმა და შერცხვენილები არ წავედით ამ ქ ვეყნიდან".
როგორც ირკვევა, იმ პერიოდში საბავშვო ბაღები იყო ადგილი, სადაც წინა ხელისუფლება თავიანთ ნათესავებს ასაქმებდა. „ფოსტალიონისთვის" წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა ინფორმაცია, თუ რომელ ბაღში რომელი მაღალჩინოსნის ახლობელი იყო დასაქმებული:
90-ე ბაღი ლელა გოგორიშვილი- ხათუნა გოგორიშვილის და.
91-ე ბაღი ლალი ნაფეტვარიძე - დიდუბის რაიონის ნაც. მოძრაობის თავჯდომარის ლევან ტალახაძის დედა.
მე-19 ბაღი ირმა გიორგაძე - მერიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის და.
მე-6 ბაღი - თამარ ბაქრაძე, დავით ბაქრაძის ბიძაშვილი.
85-ე ბაღი - ინგა გუგავა-უდესიანი -გია უდესიანის და.
36-ე ბაღი - ელზა უდესიანი გია უდესიანის და.
155-ე ბაგა-ბაღი ნაირა ბახია - თბილისის ყოფილი ვიცე მერის გიორგი მელაძის ნათესავი.
მე-2 ბაღი ანა გეგია - იმერეთის ყოფილი გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას კლასელი, რომელიც მასთან სტაჟიორად მუშაობდა.
153-ე ბაღი ლია გასიტაშვილი - დავით კირკიტაძის ნათესავი.
23-ე ბაღში დირექტორის მოადგილე მაია ბობოხიძე- აკაკი ბობოხიძის და
მე-6 ბაღის დირექტორის თამუნა ბაქრაძის ქმარი არის დათო კიზირია, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი უკრაინაში.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე „ფოსტალიონი" გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და მოპოვებულ მასალას გავაცნობთ მკითხველს.