ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმთან შეკრებილ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და სიტყვით მიმართა.
„ძვირფასო ამერიკელებო და მსოფლიო თანამეგობრობავ, დიდი მადლობა! ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები ახლა სრული მონდომებით დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის აშენებას და დანაპირების შესრულებას. რა თქმა უნდა, ჩვენს წინაშე იქნება სიძნელეები და გამოწვევები, მაგრამ ჩვენ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებთ", - განაცხადა ტრამპმა.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბარაქ ობამას გარდამავალი პერიოდის მშვიდობიანად მიმდინარეობისათვის.
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა თავის სიტყვაში ისაუბრა ამერიკელი ხალხის როლზე ქვეყნის მშენებლობის საქმეში და აღნიშნა, რომ ამერიკის განვითარების პროცესში მისი მოქალაქეები ჩაერთვებიან და ძალაუფლება მათ ხელში იქნება.
„დღევანდელი ცერემონია არის განსაკუთრებული თავისი შინაარსით, რადგან დღეს მხოლოდ ძალაუფლების გადაცემა არ ხდება ერთი ადმინისტრაციიდან მეორეზე, ჩვენ გადაგვაქვს ძალაუფლება ვაშინგტონიდან თქვენზე - ამ ძალაუფლებას გიბრუნებთ თქვენ, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს. დიდი ხნის განმავლობაში, ამ ქვეყანაში მცირე ჯგუფი იღებდა უპირატესობას, მაგრამ სხვა დანარჩენი არ იღებდა ამის საზღაურს. სამუშაო ადგილები დაიკარგა და ქარხნები დაიკეტა. მაშინ, როდესაც ისინი ზეიმობდნენ ქვეყნის დედაქალაქში, ძალიან ცოტა იყო აღსანიშნავი ოჯახებისათვის, რომლებიც სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი შეიცვლება და ეს ცვლილება დაიწყება სწორედ აქ, სწორედ ახლა, ვინაიდან ეს მომენტი არის თქვენი, ეს მიგეკუთვნებათ თქვენ და ეს დღე დაგამახსოვრდებათ დღედ, როცა ხალხი გახდა ამ ქვეყნის მმართველი კიდევ ერთხელ", - განაცხადა ტრამპმა.
დღეს დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, გლოვერ რობერტსის თანდასწრებით, საპრეზიდენტო ფიცი ბიბლიაზე დადო.
ტრამპი წუხელ ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში ჩასვლისთანავე არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივიდა, სადაც ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გვირგვინი მიიტანა, შემდეგ კი ლინკოლნის მემორიალთან მიმდინარე კონცერტს ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო.
ლინკოლინის მემორიალთან გამართულ კონცერტზე დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ გააერთიანებს ამერიკას და მას კვლავ ძლიერ სახელმწიფოდ აქცევს.
დღეს ტრამპი, პირველად, თეთრ სახლთან ახლოს მდებარე წმინდა იოანეს ეკლესიაში მივიდა, შემდეგ კი მან და მელანია ტრამპმა, ბარაქ და მიშელ ობამებთან ერთად ისაუზმა.