განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ იმერეთის რეგიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც მანდატურს უკავშირდება.
მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა- არ მოყვანა არ აინტერესებს და ამიტომ სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება.
როგორც მინისტრი აცხადებს, მომხდარის გამო, მანდატურის პროფესიის მიმართ ნდობა არ უნდა დაიკარგოს.
„მანდატურების დანიშვნის წესი პრინციპში ფუნდამენტურად ისეთივე რჩება, როგორიც აქამდე იყო. მანდატურის სამსახურმა ძალიან ბევრი უბედურობა აგვაცილა. ძალადობა სკოლებში შემცირებულია. ეს ერთ-ერთი საამაყო სამსახურია, რომელიც ადრე შეიქმნა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხვეწა, გახდა უფრო ჰუმანური და დაუახლოვდა სკოლის ადმინისტრაციას. მე ვფიქრობ, შემდგომი განვითარება წავა ჰარმონიულად, ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სისტემაშია: პოლიციაში, ჟურნაალისტებში ხდება ცუდი რაღაცეები და პროფესიის გამო, ნდობა არ უნდა შეილახოს. მე ძალიან ვწუხვარ ამ შემთხევასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ის ადამიანი აღარ მუშაობს ჩვენს სამსახურში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. ამის გამო, ჩვენ, მანდატურის გუნდს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ. მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართ, რომელიც რჩება ტოლერანტური, რაც პრინციპში კარგი არ არის, რადგან ჩვენ, განათლებით, ოჯახებთან და საზოგადოებასთან მუშობით უნდა შევეცადოთ, რომ დავანახოთ მიუღებელია ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება, მისი ხელშეწყობა თუნდაც ოჯახის მხრიდან. მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია ამ კონკრეულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად არა ვართ ბედნიერი" - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
იმერეთის რეგიონში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტელეკომპანია" „მაესტრომ" გაავრცელა. მათივე ცნობით, მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა. განათლების სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მანდატური სამსახურიდან გათავისუფლებულია.