გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ, რომელიც თანმდებობას 23 წლის განმავლობაში იკავებდა, განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლას თავს ანებებს და პრეზიდენტობას არჩევნებში გამარჯვებულ ადამა ბეროუს უთმობს.
ტელემიმართვაში იაჰია ჯამემ განაცხადა, რომ გამბიაში არ უნდა დაიღვაროს არც ერთი წვეთი სისხლი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯამემ გამბია უკვე დატოვა.
იაჰია ჯამემ, რომელიც სენეგალს 1994 წლიდან მართავს, დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების აღიარებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკურმა თანამეგობრობამ გააკრიტიკა, რომელმაც არჩევნებში გამარჯვებულად ადამა ბეროუ აღიარა.
18 იანვარს სენეგალის ხელისუფლებამ ჯამეს ულტიმატუმი წაუყენა და ინტერვენციით დაემუქრა, თუ ის თანამდებობას არ დატოვებდა.
არჩევნებში, რომელიც დეკემბერში ჩატარდა, ჯამემ ამომრჩეველთა ხმების 36,7% დააგროვა, ადამა ბეროუმ კი 45,5 %.