logo_geo
eng_logo
თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს
- +

22 იანვარი. 2017. 16:10



თურქეთის პარლამენტმა 339 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ 142-მა კანონმდებელმა მისცა ხმა.


კანონპროექტის თანახმად, თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდება. დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იქნება და მას შეიარაღებულ ძალებში მაღალ თანამდებობებზე სამხედროების დანიშვნის უფლება ექნება. საკონსტიტუციო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას პრეზიდენტი მიიღებს. პრეზიდენტი ასევე შეძლებს, ნებისმიერ დროს პარლამენტი დაითხოვოს. პარლამენტის წევრთა რაოდენობა 550-დან 600-მდე გაიზრდება, ხოლო ასაკობრივი ზღვარი 25-დან 18 წლამდე შემცირდება.


უახლოეს დღეებში კანონპროექტი დასამტკიცებლად პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს გადაეცემა.


ერდოღანის მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გაიმართება რეფერენდუმი. სავარაუდოდ რეფერენდუმი აპრილის დასაწყისში დაინიშნება.


საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეები აცხადებენ, რომ რეფორმა ქვეყნის მართვის სისტემას გაამარტივებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner