2017 წელს საქართველოს მასშტაბით, ელექტრომობილების დასამუხტი 100-მდე სადგური განთავსება იგეგმება, მათი უმეტესობა კი თბილისში იქნება. დასამუხტ მოწყობილობებს ეტაპობრივად დაამონტაჟებენ ავტობანებსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში.
ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების თბილისში განთავსების პროექტი კომპანია E-Space -ის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. E-Space -ის გენერალური პარტნიორია სამშენებლო კომპანია m².
როგორც „სითი კვირას" სამშენებლო კომპანია m² განუცხადეს, ისინი მხარს უჭერენ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების მომრავლებას და სურთ ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
მათივე ინფორმაციით, კომპანია m², E-Space -ის გენერალური პარტნიორი პროექტ „მეტი ჟანგბადი ქალაქს" ფარგლებში გახდა, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. სწორედ, ამ პროექტის ფარგლებში, ახორციელებენ ელექტოდამტენების სადგურების დამონტაჟებას ქალაქში, რომელსაც თან ახლავს m²-სა და E-Space-ის ლოგო.
ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურები თბილისში ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან გაიხსნა, შემდეგ კი, ვარდების მოედანზე სასტუმრო „რედისონთან".
როგორც „სითი კვირას" E-Space-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სულხან გვალიამ განუცხადა, 2017 წლის ბოლომდე სადგურები მომხმარებელს უფასოდ მოემსახურება. დამტენების განსათავსებლად ისეთი ადგილები შეირჩა, სადაც ადამიანი გარკვეული დროით ჩერდება. ელექტრომობილის დასამუხტი მოწყობილობები ავსტრიული წარმოებისაა და თბილისში მათი განთავსება, რამდენიმე ადგილას კიდევ იგეგმება.
თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტრომობილი მოძრაობს. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია.