თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბაგა-ბაღების მმართველი რგოლის ხელფასის შედარება ბაღის აღმზრდელის ხელფასთან, არასწორია.
„დიახ, ჩემი ასაღები ხელფასი არის 2 500 ლარი. არანაირად არ არის მართებული, რომ შედარებული იქნეს იგივე აღმზრდელის ხელფასთან. 166 ბაღის მმართველ რგოლს უფრო მაღალი ხელფასი აქვს და ეს არის ჩვეულებრივი მენეჯმენტის სურათი, განსაკუთრებული ამაში არაფერია", - განაცხადა თემურ თორდინავამ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოს ადმინისტრაციის ხელფასები მაღალია, თორდინავა მიიჩნევს, რომ ხათუნა სამნიძის განცხადებები, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გასულ წელს განხორციელებული რეფორმების გადაფარვას ემსახურებოდა.
თემურ თორდინავამ ასევე განაცხადა, რომ 2016 წლის თებერვლიდან საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გაზარდეს. მისივე თქმით, ყველაზე დაბალი ხელფასის მქონე პერსონალს ანაზღაურება 20%-ით გაეზარდა.