თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა ჟურნალისტებთან თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორატის ხელფასებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სააგენტოს მენეჯმენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, რათა გააჩნდეს მუშაობისათვის სტიმული.
„ფიქრობ, ის ხელფასები, რაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აქვს რამდენიმე ათეულ დასაქმებულ ადამიანს, მაღალი არ არის", - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლების ხელფასებთან დაკავშირებით, ნინა ხატისკაცმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი ხელფასები გაიზარდა, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და ეს პროცესი უნდა იყოს ზრდადი.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური ჩართულია პროცესში და ხდება იმ თანხების შესწავლა, რომელიც იხარჯება სააგენტოში.
„იმის გამო, რომ ბიუჯეტი მუდმივ ზრდას ვერ გაუძლებს, უნდა მოხდეს გარკვეული ხარჯების ოპტიმიზაცია. ამ ოპტიმიზაციის გეგმა სულ რამდენიმე კვირაში გვექნება და საზოგადოებას წარვუდგენთ", - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.