უკრაინაში დაკავებული ქართველი ოფიცრის გიორგი ცერცვაძის ადვოკატი ქსენია პროკონოვა „რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას იმედოვნებს, რომ ცერცვაძის ექსტრადაციას თავიდან აიცილებენ.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა მტკიცებულება აქვს რუსეთს. ადვოკატი ეჭვობს, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ვიცე-პოლკოვნიკი საქართველოს საზღვარზე არ გააფრთხილეს.
„ვფიქრობთ, მოვახერხებთ მისი ექსტრადაციის თავიდან აცილებას. გიორგი არ წავა რუსეთში და დარჩება უკრაინაში, რადგან მას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. თავად აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით დევნა, რადგან ის მონაწილეობდა აგვისტოს ომში და ამჟამად იბრძვის უკრაინის ტერიტორიაზე. იმედი აქვს, რომ უკრაინა მიიღებს მას, როგორც არა გარეშე პირს. რუსეთში მას ელის წამება. ვერ გეტყვით, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, არის ერთი საკითხი, რაც მაღელვებს მისი დაკავების მომენტიდან. ინტერპოლის ბარათზე მითითებული იყო მისი გამომგზავრების მომენტი, ის ნახა ქართულმა სასაზღვრო სამსახურმა. მიკვირს, რატომ არ დააკავეს ქართული პროცედურებით", - განაცხადა ქსენია პროკონოვამ.
შეგახსენებთ, რომ კიევის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. დღეს გახდება ცნობილი, როდის იმსჯელებს მის საქმეზე კიევის სააპელაციო სასამართლო.