ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე გამართლდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
„პირველთან" საუბარში საფრანგეთში მყოფი ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელია.
„2012 წლის შემდეგ საქმე გავაცოცხლე. ეს საქმე სააკაშვილის მთავრობას თაროზე ედო, გასამართლებულიც კი არ ვიყავი. ძალიან გამიჭირდა, რადგან პროკურატურას ან არ ეცალა, ან არ უნდოდა საქმის გადახედვა. შემდგომში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად პირველ ინსტანციას გადაეცა. თითქმის 2 წელზე მეტი ამ ინსტანციას დასჭირდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. დღეს სასამართლო ნამდვილად არის ობიექტური. პროკურატურას თავის დროზე საბრალდებო დასკვნისთვის რომ გადაეხედა, საქმე აქამდე არც მივიდოდა. 27 მოწმეს, რომელიც ბრალდების მხარეს ჰყავდა, არათუ ჩემს მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა, საქმე არ აინტერესებდა", - განაცხადა მამუკა ნიკოლაიშვილმა.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის თქმით, ქვეყნის და ხელისუფლების დამსახურებაა, რომ სასამართლო დღეს დამოუკიდებელია. მანვე აღნიშნა, რომ მორალური ზიანისთვის კომპენსაციას არ მოითხოვს.
„დღეს ჩემს ქვეყანაში ის გუნდია, რომელსაც ვენდობი. რა კომპენსაცია უნდა მოვითხოვო, მამას ვერავინ გამიცოცხლებს, რომელიც უჩემოდ დაასაფლავეს, ამის გარდა ძალიან ბევრი მორალური ზიანი მომადგა. ამ სახელმწიფოს ჩემს მიმართ დანაშაული არ მიუძღვის, შესაბამისად, არანაირ კომპენსაციას არ მოვითხოვ. გვარებით და სახელებით ვიცი, წინა ხელისუფლებიდან ვინ იყო დამნაშავე, თუმცა ახლა მათ არ დავასახელებ. ღმერთმა მოსთხოვოს მათ პასუხი", - აცხადებს ყოფილი მინისტრი.
მამუკა ნიკოლაიშვილი, მას შემდეგ რაც ინტერპოლის ძებნილთა სიაში აღარ იქნება, საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე პოლიტიკურ აქტივობას გამორიცხავს.
„საქართველოში ჩამოსვლას ვაპირებ, დედა არ მინახავს 9 წელია. თუმცა, საფრანგეთს ვერ მოვწყდები. თუ ჩემს სახელმწიფოს დავჭირდები, უანგაროდ დავეხმარები ჩემი პროფესიული გამოცდილებით, თუმცა, პოლიტიკურ აქტივობას საქართველოში ამ ეტაპზე გამოვრიცხავ", - აცხადებს ყოფილი მინისტრი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია მამუკა ნიკოლაიშვილის ინტერესების დამცველი გოჩა სვანიძე. ადვოკატისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას საქართველოს მთავარი პროკურატურა.
სახელმწიფო ბრალდება ყოფილ მაღალჩინოსანს ერთ მილიონ დოლარამდე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გაფლანგვას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავებოდა.
გამოძიების ვერსიით, 2008 წლამდე ნიკოლაიშვილმა ჰესების რეაბილიტაციისთვის იაპონური კომპანიისგან კრედიტი აიღო, თუმცა თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა. მამუკა ნიკოლაიშვილი ბრალს არ აღიარებდა და მას ინტერპოლით ეძებდნენ.