უშიშროების ყოფილი მინისტრი და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ვალერი ხაბურძანია ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ერთ მომენტს იხსენებს და მის ხასიათს აღწერს.
„ვანო მერაბიშვილის ხასიათი და ფსიქიკა რომ აღვწეროთ, ერთ მომენტს გავიხსენებ: საქმე ეხებოდა სოხუმს... ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბრძნული გამომეტყველებით იკითხა, აფხაზეთი რომ დავბომბოთ, რა მოხდებაო? მე ვუთხარი, რუსები თბილისს დაბომბავენ-მეთქი. მან ისტერიულად გადაიხარხარა. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ყოველთვის რეალობას მოწყვეტილი და უაზრო კაცი იყო.
ახლა მეორე მომენტი, რომლის შესახებაც არასოდეს მითქვამს: ერთ დღეს ჩემთან მოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი, მასთან მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, ჯერ კიდევ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან" ვმეგობრობდით... მოკლედ, მოვიდა და მითხრა, მიშას იუსტიციის სამინისტროში თავის მოადგილედ მივყავარ, ახლა მაგ გიჟთან და გადარეულთან ვერ წავალ, ფული მიშოვია, ნადირობა შემიყვარდა, ვნადირობ, რა მინდა, აუტკივარი თავი რაზე უნდა ავიტკიოო? შენ მაინც ჩინოვნიკი კაცი ხარ, დასაწინაურებელი, წადი მაგასთან მოადგილედო. მე ვუთხარი: ირაკლი, შენ ქართლელი კაცი ხარ, მე ვარ იმერელი-მეგრელი, ამ გიჟთან რატომ მიშვებ, ეგ ამბავი არ გამოვა-მეთქი. სიმართლე გითხრა, მართლა ველოდებოდი დაწინაურებას, კარიერის გაკეთება მინდოდა, მაგრამ გიჟთან ნამდვილად არ ვაპირებდი მუშაობას. მაშინ, თუ ჩემი ხათრი გაქვს, მიშასთან მიდი და შენ თვითონ უთხარი უარიო.
ამის შემდეგ სააკაშვილმა ირაკლი მაინც დანიშნა თავის მოადგილედ, მაგრამ კიდევ ერთხელ შემომითვალა, ჩემი მოადგილე იყავიო. წავედი უარის სათქმელად, მიშა ადგილზე არ დამხვდა, დროებით შევედი კოტე კუბლაშვილის კაბინეტში, მოგვიანებით გადავედით ოქრუაშვილის კაბინეტში. ამ დროს თქვეს, მიშა მოვიდაო, მაგრამ მას მოჰყვა მთელი "ბატალიონი" და მათ შორის, ვანო მერაბიშვილი, რომელიც აღტყინებულია: ნახეთ, ფინანსთა მინისტრმა ნოღაიდელმა რა გააკეთა? ახლა უნდა დავარტყათ, გავასწოროთ მიწასთანო. ამ დროს თავში წამოარტყა ოქრუაშვილმა, შე შტერო, რა უნდა დავარტყათ, ასეა თუ ისე, მაინც ხომ ჩვენი გუნდის წევრიაო?! ჰოოო... მაგი არ მიფიქრიაო. ვანო ყოველთვის იყო რაღაც იდეის წამომსროლელი, მაგრამ არ უკვირდებოდა, იმის იქით რა მოხდებოდა. აი, ასეთი "გენიოსები" გვყავდნენ ხელისუფლებაში, სამწუხაროდ", - აღნიშნავს ხაბურძანია.
წყარო http://leader.expressinfo.ge/