logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული განათლების სისტემაში
- +

25 იანვარი. 2017. 22:34


 

„აკადემიური მოსწრებით სამწუხაროდ ჩვენი სკოლების მოსწავლეები ევროპელ თანატოლებს ჩამორჩებიან. PISA-ს ბოლო მონაცემებით, საქართველოში 15 წლის მოსწავლეები, ზუსტ მეცნიერებებში, მათემატიკის, ქიმიის და სხვა საგნების დისციპლინების მიხედვით, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა როგორც ევროპის, ასევე აზიის წამყვან ქვეყნებს" ,- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში. ჯაში ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

 

„ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული განათლების სისტემაში. ზოგადი განათლების სისტემაში ბავშვების მაღალი ჩართულობა გვაქვს. უმაღლესი განათლების სისტემაში გენდერული ბალანსია, რაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. თუმცა, ალბათ ძირითადი აქცენტი არა რაოდენობრივ მონაცემებზე, არამედ ხარისხობრივ ასპექტებზეა გასამახვილებელი, ასევე ინკლუზიურობაზე, რათა განათლების სისტემა გახდეს ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის, ყველა სტუდენტისთვის, როგორც სკოლამდელი, ასევე ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურების დონეზე.

 

აღვწერ განათლების სისტემის დღევანდელ მდგომარეობას. დავიწყოთ პირველი საფეხურიდან - სკოლამდელი აღზრდა, საბავშვო ბაღების სისტემა, სადაც მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვთა ადრეული განვითარების კანონმდებლობა, რომლის ფარგლებში 2017 წლის 1 აპრილიდან მუნიციპალიტეტების დონეზე შევა ბავშვთა ადრეული განვითარების და განათლების სტანდარტები, როგორც ინფრატსრუქტურული, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული და ხარისხის კონკტროლის ასპექტები.

 

მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. იყო პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დაიხურა, მოხდა პრივატიზაცია, შედეგად ინფრასტრუქტურის უკიდურესი სიმწირე მივიღეთ. ბავშვების მისაღებად საკმარისი შენობები და შესაბამისი კადრები არ იყო. 2016-2017 წლის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში 17 ბაღი იქნება აშენებული, 10 ბაღი უკვე დასრულებულია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ქალაქებში ჩვენ მხოლოდ ბავშვების 2/3-ს და სოფლად მხოლოდ 55%-ს უზრუნველვყოფთ სკოლამდელი დაწესებულების სერვისით. ჩვენი მიზანია და აქტიური მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სულ მცირე 90% ბავშვისთვის, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ხელმისაწვდომი გახდეს სკოლამდელი აღზრდის განათლება და სერვისები. აღნიშნული სერვისები მაქსიმალურად იყოს მისადაგებული საერთაშორისო სტანდარტს და იყოს ინკლუზიური შშმ ბავშვებისთვის. ეს რა თქმა უნდა მოიცავს, როგორც კადრების გადამზადებას, ასევე მონიტორინგის სისტემის ამუშავებას, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისთვის.

 

რაც შეეხება ზოგადი განათლების სისტემას, აკადემიური მოსწრებით სამწუხაროდ ჩვენი სკოლების მოსწავლეები ევროპელ თანატოლებს ჩამორჩებიან. PISA-ს ბოლო მონაცემებით, საქართველოში 15 წლის მოსწავლეები, ზუსტ მეცნიერებებში, მათემატიკის, ქიმიის და სხვა საგნების დისციპლინების მიხედვით, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა როგორც ევროპის, ასევე აზიის წამყვან ქვეყნებს.

 

ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ სწავლა გახდეს ბევრად უფრო საიტერესო ბავშვებისთვის. უნიკალური გლობალიზაციის და ინტერნეტიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და შესაბამისად მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ თანამედროვე მოთხოვნებს, ზოგადად ყოველდღიური ცხოვრების, სოციალური და ტექნოლოგიური განვითარების კუთხით. აკადემიური მოსწრების კუთხით მაქსიმალურად გავზარდოთ და ავამაღლოთ მაჩვენებლები. რა თქმა უნდა ვიზრუნოთ, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად, თანაბრად სკოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით მივესალმები მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას, რომ სოფლის სკოლების გაძლიერებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს. სასწავლო პროგრამების ხარისხობრივი გადახედვა იქნება მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა პედაგოგთა, როგორც ავტორიტეტის, ასევე მათი მოტივაციის, მათ შორის ფინანსური მოტივაციის ეტაპობრივი გაზრდა" ,- განაცხადა ჯაშმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner