logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლო ირაკლი მეძმარიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

26 იანვარი. 2017. 14:04


თბილისის საქალაქო სასამართლო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:


„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ.

 

მხარეთა შორის დავის საგანს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა წარმოადგენს. ამავე სარჩელით, მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

2017 წლის 24 იანვარს, სასამართლომ დააკმაყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეულ პირებს აეკრძალათ ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედებების შესრულება. ასევე, შეჩერდა ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 23.12.2016 წ. საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრული წესდებაში (სარეგისტრაციო მონაცემებში) რაიმე სახის ცვლილებების შეტანა და ამავე ოქმის მოქმედება სადავო საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ საქმეზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება. სასამართლო განმარტავს, რომ მიღებულია შუალედური გადაწყვეტილება - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დროებით ღონისძიებას და მისი გამოყენება/არ გამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე.

 

განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა მოპასუხეებისათვის მისი გადაცემის მომენტიდან 5 ხუთი დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner