logo_geo
eng_logo
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისიდან სამხედროებს ნორმატივების ჩაბარება მოუწევთ
- +

26 იანვარი. 2017. 14:40



თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისიდან სამხედროებისთვის ნორმატივების ჩაბარების პროცესის დაწყება იგეგმება. ნორმატივების ჩაბარება რიგითი ჯარისკაციდან პოლკოვნიკით დამთავრებული, ყველა სამხედროს შეეხება.


ამასთან, უწყებაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული პროცესის შედეგად თანამშრომელთა „მასობრივი შემცირება" იგეგმება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლონ ის პირები, რომლებიც ნორმატივებს რამდენიმე მცდელობის მიუხედავადაც ვერ ჩააბარებენ.


„გაზაფხულიდან, კერძოდ მაისიდან, იწყება ნორმატივების ჩაბარების პროცესი. ახალი წესდების მიხედვით, სამხედროს, რომელიც ვერ ჩააბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, კიდევ აქვს 2 თვეში გადაბარების საშუალება და თუ ამ შემთხვევაშიც ვერ ჩააბარებს, 1 თვეში კვლავ აქვს შანსი ჩაბარების. პირდაპირ არავის არ გაუშვებს თავდაცვის სამინისტრო სამსახურიდან. ნორმატივების ჩაბარება ეხება რიგითიდან პოლკოვნიკის ჩათვლით ყველა რანგის სამხედროს. ნორმატივების ჩასაბარებლად გაზაფხული იმიტომ შეირჩა, რომ ხალხს მიეცეს მომზადების საშუალება", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.


როგორც სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი თანამშრომელი შოთა მათითაიშვილი აცხადებს, თებერვალში დაგეგმილია ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების დაწყება, რითაც თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლებს შეამცირებს.

 

„თებერვლიდან იწყებენ სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითი თანამშრომლების გაცხრილვას. გაუშვებენ ყველას, ვინც ვერ ჩააბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, ხოლო ამ ყველაფერს ჩაიბარებს ის ხელმძღვანელობა, ვისაც უნდა, რომ პირადი შემადგენლობა „დაფერთხოს" და შემდეგ მოიყვანოს თავისი მეგობრები და ახლობლები. ბევრს კონტრაქტი ეწურება და აღარ უგრძელებენ სპეციალურად", - აცხადებს შოთა მათითაიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner