„საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო დამხვდა. მოხიბლული ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობით. მჭიდრო თანამშრომლობით ერთად შევძლებთ ბახმაროს სწრაფ განვითარებას", - ამის შესახებ გერმანელმა ინვესტორმა ინგუ შლუტიუსმა გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გერმანელი ინვესტორი ინგუ შლუტიუსი გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს შეხვდა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, ესაუბრა კურორტზე სამომავლოდ განსახორციელებელ სამუშაოებზე.
„მინდა, მადლობა გადავუხადო გუბერნატორს, რომლის უშუალო ჩართულობითაც მოხდა ბახმაროში სატელეფონო კომუნიკაციისა და ინტერნეტის ჩართვა. კურორტზე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. მობილიზება გაუკეთდა სამაშველო სამსახურს და პოლიციას. მისი ხელშეწყობით, თავს დაცულად ვგრძნობთ და მნიშვნელოვნად გვიადვილდება სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და კურორტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად გვეხმარებიან დასახული მიზნის მიღწევაში. მომავალი სეზონისთვის ვაპირებ სასტუმროს აშენებას, შევიძენ დამატებით ტექნიკას და დავასაქმებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს. ვაფასებ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ბახმაროსთან მიმართებაში თქვენმა მთავრობამ განახორციელა. სასიხარულოა, რომ უკვე დაწყებულია გაზიფიცირების საპროექტო სამუშაობი და ბახმაროს განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ ერთად შევძლებთ ბახმაროს სწრაფ განვითარებას", - განაცხადა გერმანელმა ინვესტორმა.
როგორც გია სალუქვაძემ აღნიშნა, სატესტო სეზონზე ბახმაროს 60-მდე ტურისტი სტუმრობდა, მომავალი წლისთვის კი იგეგმება მათი რაოდენობის გაოთხმაგება და დაიწყება ამ მასშტაბური პროექტის განვითარება.