საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელსაც ორი დღეა პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილავენ, დამატებით განმარტებებს აკეთებს. მეჭიაური ამბობს, რომ მისი განცხადება სხვა ინტერპრეტაციის იყო. გადაცემა მეჭიაურმა „20/30"-თან სტუმრობისას გააკეთა:
„მე არ მითქვამს, რომ ყველა, ვისზეც კომპრომატი არსებობს, თანამდებობიდან უნდა წავიდეს. მე თანამდებობების დატოვებისკენ მოვუწოდე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ და სერიოზული გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლესი თანამდებობის პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათზე კომპრომატები არსებობს", - განაცხადა დეპუტატმა.
მეჭიაურის განცხადებით, შესაძლოა, ამ კომპრომატების გამოყენება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შეძლონ. მეჭიაური განმარტავს, რომ ამგვარი პრაქტიკა ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში არსებობს, „რომლებზეც ჩემზე აფთრებივით შემოსეული არასამთავრობოები ხშირად აპელირებენ":
„ეს არასამთავრობოები ერთი ფესვიდან არიან აღმოცენებულნი, ერთი დაფინანსებით სულდგმულობენ და „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერაშიც ხშირად არიან შემჩნეულნი. როცა სამალავებში წინა ხელისუფლების მიერ გადაღებული ფარული ჩანაწერები აღმოჩნდა, არასამთავრობოებმა აურზაური ატეხეს და ხელისუფლებას ვიდეოჩანაწერების განადგურება აიძულეს, იმის ნაცვლად, რომ ჩანაწერების დამკვეთების, შემსრულებლების და გამავრცელებლების გამოსავლენად გამოძიება ჩატარებულიყო. ამ დროს, „ნაციონალურ მოძრაობას" ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან ისედაც გატანილი ჰქონდა, თავისი მიზნებისთვის იყენებდა და დღესაც იყენებს.
კადრების გავრცელება „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების ინტერესებში შედის, რათა შინ თუ გარეთ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ. მათ უნდათ, ეს ყველაფერი დღევანდელ ხელისუფლებას შემოუტრიალონ, რაც აბსურდია. თუ ჩვენს ხელისუფლებას ამგვარი ჩანაწერები გააჩნდა და ამით მანიპულირება სურდა, მათი გამოყენება აქამდეც შეეძლო", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა „20/30"-ში.