პროკურორ ირაკლი ჩილინგარიშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში დაკავებული ქართველის გია ცერცვაძის ექსტრადიცია რუსეთში არ განხორციელდეს.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურა მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებს უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან გია ცერცვაძის უკრაინის ტერიტორაზე დაკავების საკითხთან დაკავშირებით. ამ მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პირადად დაუკავშირდა მის უკრაინელ კოლეგას და მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია გია ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზანშეუწონლობის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის გენერალურ პროკურატურას ასევე გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი დოკუმენტაცია. მსგავსად წინა დღეებისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა დღესაც დაუკავშირდა უკრაინელ კოლეგებს, რათა მიეღო ინფორმაცია გია ცერცვაძის პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის თაობაზე. როგორც უკრაინელმა კოლეგებმა გვაცნობეს, პროცესის გადადება მოხდა იმ მიზეზით, რომ შესაბამისი მასალების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოდან საააპელაციო სასამრთლოში დროულად ვერ იქნა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 3 თებერვლსათვის. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩატარებულ სასამართლო პროცესზე არ მომხდარა გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების თუ მის გათავისუფლების საკითხის არსებითი განხილვა და შესაბამისად, ამ საკითხზე კიევის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს მომავალ სასამართლო პროცესზე.
საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც მუდმივ რეჟიმში განახორციელებს კომუნიკაციას უკრაინელ კოლეგებთან და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ განხორციელდეს საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებების დარღვევის რეალური რისკი არსებობს", - აცხადებს ჩილინგარაშვილი.
დღეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც გია ცერცვაძეს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით იქნა დაკავებული. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.
ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა.