ჯანდაცვის კომიტეტში საყოველთაო ჯანდაცვის ახალ მოდელს განიხილავენ. სხდომაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფისა და კერძო სადაზღვევო სექტორთან პარტნიორობის საკითხებზე მსჯელობენ. შეხვედრას სადაზღვევო კომპანიის ასოციაციისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის უნივერსალური პაკეტის ჩამოყალიბება.
„მოხდება პერსპექტივების განხილვა, ანუ როგორ უნდა მოხდეს პაკეტების რედიზაინი. ერთიანი უნივერსალური პაკეტის ჩამოყალიბება, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სავალდებულოობა უნივერსალური პაკეტის არსებობისა თითოეული მოქალაქისთვის და შემდგომი პერსპექტივა იმისა, თუ თითოეული ჩვენი მოქალაქე, მათ შორის განსაკუთრებით შეძლებულები, რომ მეტ წვლილს შეიტანენ საკუთარი ჯანდაცვის უზრუნველყოფაში", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თვეში ახალი სისტემა უნდა ამუშავდეს, რომელიც დაზღვევის კლასიფიცირებას ითვალისწინებს.
საყოველთაო ჯანდაცვით ვერ ისარგებლებს მაღალანაზღაურებადი და კერძო სექტორში დაზღვეული პირი.