საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, უკანონოდ გასამართლებული ოთხი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ოთხივე მსჯავრდებული პირის მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი გასამართლებულნი არიან.
მსჯავრდებული შალვა შალიკაშვილი გაყალბებული მტკიცებულებების და 12 წლის დაზარალებულის ცრუ დასმენის შედეგად გასამართლებული იქნა 2008 წლის 31 ივლისს, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ, მიესაჯა 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და უკვე მეცხრე წელია იხდის სასჯელს.
შალვა შალიკაშვილის მსჯავრდებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, დაზარალებულმა პროკურატურას განცხადებით მიმართა და მისი გათავისუფლება ითხოვა, ვინაიდან მან პირადი განაწყენების გამო განზრახ დაასმინა შალვა შალიკაშვილი გაუპატიურებაში.
დაზარალებულის აღიარების და გამოძიებით დადგენილი ახალი გარემოებების საფუძველზე, რომელიც გამორიცხავს შალვა შალიკაშვილის რაიმე სახით მონაწილეობას დანაშაულში, პროკურატურა განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის განაჩენიც გადაისინჯება გახლავთ თემურ ბასილია, რომელიც გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ქრთამის აღების ცრუ ბრალდებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკის" გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. გენერალურ პროკურატურას სურდა, დანაშაულში გამოევლინა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს „ინტელექტბანკის" აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია „ინტელექტბანკისთვის" დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.
ახალმა დეპარტამენტმა მოქალაქეების ალიკო ხარჩილავას და ლაშა წურწუმიას განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომლებიც განზრახ მიეცნენ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში, რათა საქართველოს რკინიგზას, მათგან იძულებით ამოეღო თანხები. კერძოდ, 2004 წელს შპს „საქართველოს რკინიგზამ" გამოაცხადა ტენდერი სხვადასხვა სახის ელექტრო საქონლის და პროდუქციის მიწოდების თაობაზე, სადაც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გაიმარჯვა შპს „ოდაბადემ" (დირექტორი ლაშა წურწუმია, წარმომადგენელი ალიკო ხარჩილავა). კომპანიამ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და „საქართველოს რკინიგზას" მიაწოდა 26 100 აშშ დოლარის ღირებულების ელექტროსაქონელი.
2005 წლის ნოემბერში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტმა მითვისების ბრალდებით დააკავა შპს „ოდაბადეს" წარმომადგენლები ლაშა წურწუმია და ალიკო ხარჩილავა, რომლებმაც თითქოსდა „საქართველოს რკინიგზა" შეიყვანეს შეცდომაში და მიწოდებული საქონლის ღირებულება ნაცვლად ლარისა, მიიღეს აშშ დოლარში, რითაც მიაყენეს 34 960 ლარის ზიანი. სინამდვილეში „საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლებმა დამალეს აშშ დოლარში დაფიქსირებული სატენდერო წინადადება და საგამოძიებო სამსახურს მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია, რაც გახდა საფუძველი ლაშა წურწუმიას და ალიკო ხარჩილავას უკანონო დაპატიმრების.
სამართალდამცავების გადაწყვეტილებით ლაშა წურწუმია და ალიკო ხარჩილავა, მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს პატიმრობიდან, სანამ მათ არ დაფარეს არარსებული ზიანის თანხა და ჯარიმის სახით არ გადაიხადეს თითოეულმა 30 000 ლარი.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ოთხივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.