logo_geo
eng_logo
ილია მეორე: წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს!
- +

27 იანვარი. 2017. 14:26


 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში წმინდა ნინოს დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ ისაუბრა.


„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ყველას სიყვარულით, სიხარულით გილოცავთ ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს", - ბრძანა ილია მეორემ.


პატრიარქმა ბრძანა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია თავისი ჯვარი, ღმერთი აძლევს ამ ჯვარს ადამიანს, რომელიც ხშირად მძიმეა.

 

„მან იცოდა, რომ საქართველო წარმართული იყო და აქ ინახება კვართი უფლისა, ძალა ღვთისა მუდამ იყო მასზედა. დიდება უფალს, რომელიც აძლევს ჯვარს და მასთან ერთად აძლევს ძალას ღვთისას, რომ ატაროს ეს ჯვარი. ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნინოს, რომ შუამდგომელი იყოს წინაშე ღვთისა, რომ საქართველო დამშვიდდეს, გაძლიერდეს და გამთლიანდეს", - განაცხადა უწმინდესმა.


წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა, კულტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრები, დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. პატრიარქი მიესალმა ტაძარში მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს და დალოცა ისინი.

 

„შევთხოვ უფალს, რომ ძალა ღვთისა და მადლი ღვთისა იყოს მფარველი მათი და საქართველოსი. დაგლოცოთ და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა", - მიმართა პატრიარქმა ხელისუფლების წარმომადგენლებს.


უწმინდესმა მიმართა ასევე მრევლს, რომ ტაძარში არის გამობრძანებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და მოილოცონ სიწმინდე.


„ვემთხვიოთ წმინდა ნინოს ჯვარსა და მივიღოთ მადლი ღვთისა", - ბრძანა ილია მეორემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner