logo_geo
eng_logo
26 მარტი - გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა
- +

26 მარტი. 2016. 12:12



„კარგად იცოდე, სამოსელი პირველია სიტყვა და მაგ სამოსელს რაც უფრო მეტ ხალხს გადააწვდნენ და გადააფარებ, უფრო მდიდარი შეიქმნები, უფრო ტანჯული... გაწამდები და გაიხარებ... სიტყვის თამაშად ნუ ჩამომართმევ - უბედნიერესი უბედური იქნები - და დატანჯული", - 26 მარტს დიდი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დაიბადა.



მწერალი გურამ პეტრეს ძე დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. მისი მამა - პეტრე დოჩანაშვილი ექიმი იყო, დედა - გულნარა ემხვარი - დიასახლისი.



მწერალი იზრდებოდა თბილისში, ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია  მერი (ფაცა) კორძაია, ბაბუა  სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია  ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.



1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. 1956 წელს გურამ დოჩანაშვილსა და მის მეგობრებს თავს დაატყდათ სუკ-ის რისხვა სამშობლოს უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულის გამო. დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.



1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის" პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის" მთავარი რედაქტორია. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში" 1961 წელს.



უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს. მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი ქეთო (7 აპრილი) და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა". 1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება", - ამბობს მისი შვილიშვილი თინათინ ჭკუასელი.



მწერალი არის ლიტერატურული პრემია „საბას" ლაურეატი ნომინაციაში - „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".



„რეპორტიორი" ულოცავს ბატონ გურამს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner