BBC- ის ინფორმაციით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პირველი ლიდერი ვალერი ბოლოტოვი, მოულოდნელად, მოსკოვში გარდაიცვალა.
„ვალერი ბოლოტოვი, წინასწარი მონაცემებით, გულის შეტევით, დღეს, მოსკოვში, საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. ის მოულოდნელად შეუძლოდ გახდა", - განაცხადა საინფორმაციო ცენტრ „სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის" ხელმძღვანელმა კონსტანტინ კნირიკმა.
ვალერი ბოლოტოვი 2014 წლის აპრილში ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლებს მოუწოდებდა, ღიად გამოსულიყვნენ კიევის ხელისუფლების წინააღმდეგ, რის შემდეგაც ის ჯერ ლუგანსკის „სახალხო გუბერნატორად", შემდეგ კი ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელად აირჩიეს. 2014 წლის 14 აგვისტოს ბოლოტოვი დაჭრეს, რაც მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა.