გასულ კვირას რუსეთის სამეცნიერო აკადემიის ახალი წევრების - აკადემიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტების გვარები დასახელდა. რუს მეცნიერთა შორის 9 ქართველია დასახელებული, რომელთა შორის, ოთხი აკადემიკოსი, ხოლო ხუთი - აკადემიის წევრ-კორესპონდენტია.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ახალარჩეული წევრები არიან აკადემიკოსები: დავით იოსელიანი, ალექსი ბაინდურაშვილი, გენადი ხუბულავა, მოგელი (ანზორ) ხუბუტია; წევრ-კორესპონდენტები: რევაზ სეფიაშვილი, ოლგა ბოკერია, სიმონ მაწკაპლიშვილი, შალვა ელიავა, რამაზ გვეტაძე.
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ფრიდონ თოდია ცხრავე მათგანს პირადად იცნობს. მათი წარმატებების შესახებ ის „ასავალ-დასავალს" ესაუბრა და განაცხადა, რომ დიდი აკადემიის წევრობა ყოველი ქართველისათვის დიდი პატივია.
„მეამაყება, რომ რუსეთის სამეცნიერო აკადემიაში, როგორც მას უწოდებენ - დიდ აკადემიაში, რომლის წევრებიც მსოფლიო დონის სპეციალისტები არიან, 2017 წლის დასაწყისში ამდენი ქართველი მეცნიერი აირჩიეს! დიდი აკადემიის წევრობა უმაღლესი აღიარებაა.
ჩვენს მეცნიერებათა აკადემიაშიც ვიმსჯელეთ ამ სასიხარულო ამბავზე და ყველას მივულოცეთ. უცხოეთში ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, რომ დაგიფასონ, ტყუილად არ აგირჩევენ, ძლიერი შრომები უნდა გქონდეს და პიროვნულად ძლიერი უნდა იყო, შენი საქმის პროფესიონალი.
ეს არის 70-80-იანი წლების მედიკოსთა პლეადა, ძველი თაობის ხალხი. ძალიან ცუდია, რომ 2000 წლის შემდეგ ქართველ ახალგაზრდათა დახელოვნება რუსეთში მედიცინის სფეროში არ მომხდარა", - განაცხადა თოდუამ.