„თანაკლასელი, რომელმაც მიმის აფრიკელი ველური უწოდა, შეცდომას მიხვდა და ბოდიშიც მოიხადა, ჩვენი სახლის კართან ტკბილეულობა დაახვავა და სინანულით სავსე წერილიც დატოვა", - ამის შესახებ ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა რუსა ამირეჯიბმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენებთ, რუსა ამირეჯიბის შვილს, მიმის სკოლაში აფრიკელი ველური უწოდეს, ამიტომაც რუსამ სასამართლოს მიმართა, პროცესი 130-ე სკოლის პედაგოგებსა და რუსა ამირეჯიბს შორის პედაგოგების სასარგებლოდ გადაწყდა.
რუსამ „ასავალ-დასავალთან" იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა. მისი თქმით, ბავშვების მხრიდან აგრესია მიმის მიმართ პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
„ერთ დღეს მიმიმ დამირეკა და სასწრაფოდ სკოლაში მისვლა მთხოვა. მითხრა, რომ თანაკლასელ ბიჭთან გაკვეთილზე კამათი მოუვიდა. ამ ბიჭს მიმისთვის ველური აფრიკელი უწოდებია: შენი ადგილი აქ არ არის, აფრიკაში წადიო. მასწავლებელმა მაკა დევდარიანმა ორივე ბავშვი გაკვეთილიდან გააძევა. მაკა დევდარიანს რომ ვკითხე, რაშია საქმე, მიმის აფრიკელი ვინ დაუძახა, გაკვეთილიდან რატომ გამოაგდეთ-მეთქი? - მიპასუხა - ეგ მე არ მეხება და არც მაინტერესებსო... ამ ფრაზამ ამანთო, მივხვდი, რომ წინ დიდ აგრესიასთან ბრძოლა და ნერვების წყვეტა მელოდა.
ჩემი შვილი ამ სკოლაში ახალი გადასული იყო, როდესაც მითხრა - შენ დედა ხარ, ამ რასისტებში რომ ჩამომიყვანეო? თურმე, კლასში ვიღაცას ზანგი უწოდებია. ვინაიდან დამრიგებელმა იმ ბავშვს ბოდიში მოახდევინა, აღარ ჩავერიე. პროცესი კი, სწორედ იმის გამო წავაგეთ, რომ, თურმე, სკოლაში თავიდანვე „კონცერტი" უნდა მომეწყო და მკაცრი ზომებისთვის მიმემართა", - განაცხადა ამირეჯიბმა.
რუსა ამირეჯიბის თქმით, თავდაპირველად, ის მიმის კლასელისგან, მასწავლებლისგან და დირექტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა, თუმცა როდესაც ამაზე უარი განაცხადეს, რუსა ამირეჯიბმა ჩივილი გადაწყვიტა. როგორც ამირეჯიბი აღნიშნავს, კლასელების უმეტესობამ სასამართლო პროცესზე მასწავლებლის მხარე დაიკავა.
„თანაკლასელი ბიჭი, დამრიგებელი და სკოლის დირექტორი აგრესიულად იქცეოდნენ. იმის ნაცვლად, რომ რომელიმეს ბოდიში მოეხადა, მიმის სწავლის ხარისხზე ლაპარაკობდნენ. ბოლოს ვთქვი - ან ბოდიშს მოიხდით, ან გიჩივლებთ-მეთქი.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო: რამდენიმე დღის შემდეგ თანაკლასელი, რომელმაც მიმის აფრიკელი ველური უწოდა, შეცდომას მიხვდა და ბოდიშიც მოიხადა, ჩვენი სახლის კართან ტკბილეულობა დაახვავა და სინანულით სავსე წერილიც დატოვა... ამის მიუხედავად, მამამისმა პროცესზე განცხადება მიიტანა, ჩემს შვილს თავს დაესხაო - არადა, ამ ბავშვს თავს კი არ დავესხი, ღრიალებდა, ისტერიკაში იყო, ხმისთვის რომ არ ამეწია, ვერაფერს გავაგებინებდი. როცა ვკითხე - შენთვის არავის უთქვამს, რომ რასიზმი უკულტურობაა-მეთქი? - მიპასუხა - არაო... თანავუგრძნობ ყველა მშობელს, რომელიც შვილს ტოლერანტად არ ზრდის.
მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებელს ვთხოვდი პასუხს - როცა კონფლიქტში მყოფ გოგონას და ბიჭს გაკვეთილიდან აძევებ, ხომ უნდა დაფიქრდე, რომ გარეთ, შესაძლოა, უარესი რამ მოხდეს და ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ?!
სასამართლო პროცესზე მიმის კლასელებმა მასწავლებლის მხარე დაიკავეს. ბავშვებს 130-ე სკოლაში უნდა გაეგრძელებინათ სწავლა, მიმი კი უკვე იმ სკოლაში აღარ სწავლობდა. დღეს ის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეა, პირველ დღეს სკოლიდან რომ დაბრუნდა, მითხრა - ზედაც არ მიყურებენ, არათუ, ზანგს მეძახიანო", - განაცხადა რუსა ამირეჯიბმა.