„აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, გიორგი ლუკავას მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ევროკავაშირის მონიტორინგის მისიას გუშინ მიეწოდა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ლუკავას საქმეზე მუშაობა გრძელდება.
„გიორგი ლუკავას მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუშინ მივაწოდეთ ევროკავაშირის მონიტორინგის მისიას. მათი მეშვეობით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება არ ადასტურებს ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ლუკავას საქმეზე მუშაობა გრძელდება", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ცნობისთვის, დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმარი დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.