„დევნილების მიღების პროგრამა შეჩერებულია 120 დღით", - ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა.
„ეს ქვეყნის დაცვაა უცხოელი ტერორისტების ჩამოსვლისგან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დევნილების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა მიღება ტრამპმა დაუშვა მიმდინარე ფინანსურ წელს (რომელიც 30 სექტემბერს სრულდება) 50 000 დევნილს შეადგენს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ფინანსური წელი დაიწყო, აშშ-მა უკვე მიიღო 30 000 დევნილი. შესაბამისად, დარჩენილ პერიოდში აშშ 20 000 დევნილს მიიღებს.
გარდა ამისა, ტრამპმა განუსაზღვრელი ვადით აკრძალა აშშ-ში სირიელი დევნილების მიღება.
„ვაცხადებ, რომ სირიის მოქალაქეების, როგორც დევნილების შემოსვლა აშშ-ში ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს და ნებისმიერი ასეთი შემოსვლა გაჩერდება მანამ, ვიდრე არ გადავწყვეტ, რომ არსებითი ცვლილებები მოხდა, რაც სირიელი დევნილების მიღების საშუალებას იძლევა ეროვნული ინტერესების შესაბამისად", - ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.
ტრამპმა ასევე განკარგულება გასცა, შემოღებულ იქნას აუცილებელი გასაუბრება არაიმიგრაციული ვიზების მისაღებად და დაჩქარდეს აშშ-ში შემოსულების კონტროლის ბიომეტრული სისტემა.