სააგენტო „ფრანს პრესი"-ს ინფორმაციით, 7 ქვეყნის მოქალაქეები, რომლებისთვისაც ტრამპმა ვიზების გაცემა შეაჩერა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ბილეთებს ვერ ყიდულობენ.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ავიაკომპანიამ აშშ-ში გამგზავრებაზე უარი უთხრა ირანის მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა უკვე ჰქონდათ.
ავიაკომპანიებმა Etihad Airways-მა, Emirates-მა და Turkish Airlines-მა ტურისტულ სააგენტოებს ირანის მოქალაქეებზე ბილეთების გაყიდვის შეჩერება სთხოვა. ირანის გარდა, დონალდ ტრამპის აკრძალვა ერაყზე, იემენზე, ლიბიაზე, სირიაზე, სომალისა და სუდანზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში სირიელი ლტოლვილების მიღების პროცესი მთლიანად შეაჩერა. ასევე მან სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღება 120 დღით შეაჩერა.