BBC-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის სარჩელი დააკმაყოფილა და ამერიკული ვიზების მქონე მიგრანტების აეროპორტებიდან გაძევება დროებით აკრძალა.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანების მიუხედავად მიიღო. გადაწყვეტილება სატრანზიტო ზონებში მყოფ 200-მდე ადამიანს შეეხება.
დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიელი დევნილების მიღება განუსაზღვრელი ვადით და სხვა ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტების მიღება 120 დღით შეწყვიტა. ამის მიზეზად ტრამპი ტერორიზმთან ბრძოლას ასახელებს.
ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის გარდა, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ამერიკის ეროვნულ ცენტრსაც შეაქვს. მსგავსი სურვილის შესახებ ამერიკულ-ისლამური ურთიერთობის საბჭომაც განაცხადა.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ კრიტიკა გაეროს მხრიდანაც დაიმსახურა.