თბილისში უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილია, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. ზოგიერთი მათგანი ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათის ფუნქციას ასრულებს. თითოეულის წარსულის გაცნობისას, ასკვნი, რომ თბილისელებმა საკუთარი ქალაქის შესახებ თურმე რამდენი რამ არ ვიცით.
„ქართლის დედა"
„ქართლის დედის" მონუმენტური ქანდაკება თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა, რომლის ავტორი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელია. ხის მონუმენტი ქალაქის 1500 წლისთავისთვის, სოლოლაკის გორაზე, 1958 წელს დაიდგა, რომელსაც ცალ ხელში თასი ეჭირა (მოყვრისთვის) და ცალში - ხმალი (მტრისთვის). თავიდან ასე იყო ცნობილი, რომ დროებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით (1963 წელი) გადაწყვეტილება შეიცვალა და ხის მონუმენტი, რომ არ დაზიანებულიყო, ალუმინით დაიფარა. 90-იან წელებში კი ძველი ახლით შეიცვალა, - 20 მეტრიანი, ალუმინის ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქალის ქანდაკების ავტორი ისევ ელგუჯა ამაშუკელი გახლავთ.
ვერის ბაღი
ვერის ბაღი ვერაზე, კოსტავასა და ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზეა. ადრე ამ ტერიტორიაზე ბაღები იყო გაშენებული. შემდეგ ბაღების ნაწილი სასაფლაომ დაიკავა. 1898 წელს, საქართველოს ეგზარქოსის თანხმობით, ქალაქის მთავრობამ სასაფლაო გააუქმა. მოგვიანებით იქ დასასვენებელი ბაღის მოწყობა დაიწყო. ვერის ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე დღესაც შემორჩენილია დანიელ ჭონქაძისა და მისი მეუღლის, აგრეთვე ლავრენტი არდაზიანისა და სხვა ცნობილი ქართველების საფლავები. ვერის ბაღში არიან დაკრძალულები ქართული ალპინიზმის ფუძემდებლები - ალიოშა, ალექსანდრა და სიმონ ჯაფარიძეები; ბაღში დგას ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი და მერაბ კოსტავას ბიუსტი.
საბჭოთა კავშირის დროს ამ ადგილს კიროვის სახელი ეწოდა და დაიწყო მისი კეთილმოწყობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი ბაღს ძველი დასახელება - ვერის ბაღი დაუბრუნდა. იქ 61 სახეობის მერქნიანი (იშვიათი სახეობის) მცენარე (წიწვოვანი, ფოთლოვანი) ხარობდა... იქვეა დარბაზები, მოედნები, ჭადრაკის სასახლე, პენსიონერთა საჭადრაკო კლუბი.
ნარიყალა
ნარიყალა (სპარს. ნარინყალა - ციტადელი, შიდაციხე) თბილისის უძველესი დროის ციხესიმაგრეა, თუმცა თავიდან კალას სახელით იყო ცნობილი.
ციხესიმაგრე IV საუკუნეში როგორც „შურის ციხე" ასე დაფუძნდა. დავით აღმაშენებლის მეფობისას გაფართოვდა. საქართველოში მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა" („მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.
ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, ჰქონდა მტკიცე კედლები, კოშკები და ბასტიონები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი. XVII საუკუნემდე ციხის ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული იყო "მეფის სასახლე". ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) დედაციხემ მნიშვნელობა დაკარგა, რადგანაც იქ არსებულ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი განთავსდა, რომელიც 1847 წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქებულა.
მთაწმინდის პანთეონი
ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი მთაწმინდის ფერდობზე, მამა დავითის ეკლესიის სიახლოვეს მდებარეობს. მთაწმინდაზე პანთეონის დაარსების იდეა 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში გაჩენილა. პანთეონი კი უკვე 1929 წელს გაიხსნა.
მუშტაიდის ბაღი
მუშტაიდის ბაღი 1830-იან წლებში გააშენა ირანიდან გამოქცეულმა - მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზიმ (ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი) მუშტაიდიმ. გადმოცემით, მან თბილისი საცხოვრებლად ქართველი ცოლის გამო აირჩია, რომელიც ადრე გარდაიცვალა და ამავე ბაღშია დაკრძალული. 1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა, თუმცა მანამდე იქ 1935 წელს მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა ამოქმედდა.
თბილისის ფუნიკულიორი
1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით, „ზედა თბილისი" მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო, შემუშავდა გეგმა და ქუჩათა ქსელი, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არ არსებობდა „ზედა თბილისის" „ქვედა თბილისთან" სატრანსპორტო კომუნიკაცია. პრობლემის გადაჭრა თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა, ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის, ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით - ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა.
1900 წლის ივლისს ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა რობის პროექტი.
მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, რომელშიც უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ... ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ. მისი ინიციატივით, მოკლე დროში, ესტაკადისთვის რკინაბეტონის სამუშაოები შესრულდა.
ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. ამ ფაქტს დიდი ფერწერული ტილო ნიკო ფიროსმანმა მიუძღვნა.