შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბავშვთა სამყაროს" შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის სამი საათისთვის გაჩნდა. მეხანძრეები „ბავშვთა სამყაროს" შენობაში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
დამწვარია შენობის მიმდებარე საბითუმო ბაზრობის ტერიტორიაც.
დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც „ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ვაჭრობდნენ.
დაზარალებულების თქმით, შენობაში ოქროს ნივთებს ინახავდნენ. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ჯერ ბაზრობას გაუჩნდა, შემდეგ კი „ბავშვთა სამყაროს" მოედო.
თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის თქმით, ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდი იქნება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.