logo_geo
eng_logo
„მე მომიკვდა შვილი… ძალიან მიჭირს...“ - ვერიკო ანჯაფარიძის შეხვედრა ილია მეორესთან 1981 წელს
- +

30 იანვარი. 2017. 15:27




„ვერიკო ანჯაფარიძის შეხვედრა უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორესთან 1981 წელს საპატრიარქოში" - აღნიშნული სათაურით ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელის მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დიალოგს ავრცელებს:


ვერიკო ანფაჯარიძე: მე ძალიან მინდოდა თქვენი გაცნობა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თქვენზე ლეგენდები დადის... მერეც, ამ ბოლო დროს, რაც ხანი გადის, ეკლესია მეძახის...


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  იმედი დიდი ძალაა. ღამით სასაფლაოზე ბავშვი შეხვდა კაცს. ბავშვი კანკალებდა შიშით. შენ არ გეშინიაო. - ჰკითხა. არა. - აბა, გაიხედე. იმ შუქს ხედავ. აი, იმას ვუყურებ, მივდევ. იქ სოფელია. სოფელში კი იმედიაო...


ვერიკო ანჯაფარიძე - დიახ. იმედი რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა. იცით, მე მომიკვდა შვილი... ძალიან მიჭირს. მოულოდნელად ენერგია მომემატა... დიდი წყურვილი მქონდა, რაღაც ხმამაღლა მეთქვა და მივუძღვენი შვილს იბსენის „მოჩვენებანი". მითხარით, არის თუ არა სხვა სამყარო...

 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე: რასაკვირველია. არის.

 

ვერიკო ანჯაფარიძე:  იცით, მე მატერიალისტი ვარ და ამიტომ ისეთ კითხვებს გისვამთ... არ გაგიკვირდეთ. რწმენამდე როგორ მიდის ადამიანი?


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  ორი გზა არსებობს... უბრალო, სტიქიური და ცოდნით. სამწუხაროდ, მოკლებული ხართ დიდ ლიტერატურას, რომელიც არსებობს ამის შესახებ. რომ გაეცნოთ მას, მაშინ ეჭვი აღარ გექნებათ. არსებობს გარდაცვალება და არა მოსპობა.


ვერიკო ანჯაფარიძე: ის ავტორები ალბათ, ფანატიკოსები არიან?


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე: არა. მოგახსენებთ ნამდვილ მეცნიერებზე. მაგალითად ასტრონომებზე. დიდ დაკვირვებებს ახდენენ ისინი. ძალზე საინტერესოა, მაგალითად, თუნდაც, უკანასკნელ ხანს, კლინიკურ სიკვდილზე დაკვირვებები, ნამდვილად ძალიან საინტერესოა. მერე პარაფსიქოლოგია... ყოველივე ეს ძალიან გვაახლოვებს იმ ქვეყანას... თქვენ რომ ბრძანეთ, მატერიალისტი ვარო. ყველა ვართ მატერიალისტები, ოღონდ ესაა, ურწმუნო არ უნდა ვიყოთ. მატერია მაინც მკვდარია. მას განაგებს სხვა ძალა და ეს არის ღმერთი.


ვერიკო ანჯაფარიძე:  რა არის ღმერთი?..


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  ძალა, უზენაესი ძალა. შესანიშნავად ამბობს იოანე ღვთისმეტყველი - ღმერთი არის სიყვარული. მატერიას არ უნდა მივანიჭოთ ისეთი ძალა და უფლება, რაც ღმერთს ეკუთვნის. მატერია თავისთავად უაზროა. ის კანონებს ვერ შექმნიდა...


ვერიკო ანჯაფარიძე: თქვენ რასაც ამბობთ, ამის ჭკუით აღქმა კი არა, განცდითაც ძნელია... მე მგონია, ამისათვის საჭიროა ის გარემოცვა, რაც თქვენ გაქვთ... მე ვიცი, რა არის მარტოობა. საშინელ ორომტრიალში ვცხოვრობ. ბევრ ხალხთან მიხდება ურთიერთობა, მაგრამ მაინც შემიძლია მარტო ვიყო.


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  პირობებს თვითონ ადამიანი ქმნის. მთავარი ფაქტორი მაინც ადამიანია. არავის არ ექნება ისეთი ცუდი პირობები, როგორიც მე მაქვს. ხალხი ბევრი, საწუხარიც ბევრი, ცხადია, კარგიც ბევრი... მაგრამ ჩვენ მაინც ვპოულობთ დროს ლოცვისთვის...


ვერიკო ანჯაფარიძე:  ლოცვა გაძლევთ სიმშვიდეს?


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  დიახ. მაძლევს. მე გასწავლით ერთ ლოცვას.


ვერიკო ანჯაფარიძე:  მასწავლეთ...


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ, ცოდვილნი"... სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები, რომელთაც არ ჰქონდათ პირობები დასვენებული ცხოვრებისათვის, ამ ლოცვით ცხონდნენ.


ვერიკო ანჯაფარიძე:  „უფალო იესო ქრისტე... ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ, ცოდვილნი..." რა კარგია. ყოველდღე წავიკითხავ, უსათუოდ!


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:   შესანიშნავია. ამ ლოცვას აქვს 2000 წლის ისტორია. ამას განსაკუთრებით ხშირად იმეორებდნენ უდაბნოში ბერები... ძალიან ძლიერია. თქვენ იგრძნობთ სიმშვიდეს. ხატი გაქვთ?


ვერიკო ანჯაფარიძე:  დიახ. მაქვს ხატი...


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:   ასევე კანდელიცაა საჭირო... უნდა დაანთოთ და ილოცოთ... ყველგან შეიძლება ილოცოთ. ადამიანი მუდამ ღმერთთანაა ამ ლოცვით. თქვენ სწორი ბრძანეთ... ჩვენ ძალიან მატერიალისტები ვართ. ადამიანი შესდგება ორი სუბსტანციისაგან. ორივეს სჭირდება საზრდო. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ჩვენს ცხოვრებაზე, სულზე ცოტას - წუთებს. იმ დროს, როცა სული მთავარია.


ვერიკო ანჯაფარიძე:  მაგრამ მატერია ხომ საყრდენია?


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  დიახ. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მიწიერი ცხოვრება ეტაპია. მთავარი იქაა, ჩვენი სამშობლო იქაა. დიდი საქართველო იქაა.


ვერიკო ანჯაფარიძე:  თქვენ ეს გწამთ?


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  მწამს... მე, იცით, ეს როდის ვიგრძენი. როცა ლოცვის დროს მოვიხსენიე ჩვენი მეფეები და პატრიარქები... ვიგრძენი კავშირი იმათთან, მათი დახმარება. ეს კავშირი საჭიროა ყველასთვის, თქვენთვისაც... თქვენი შვილი მკვდარი არაა.


ვერიკო ანჯაფარიძე:- მე მას ხშირად ვხედავ სიზმარში და მოვდივარ სიონში. მე მასთან კავშირი არ გამიწყვეტია. იცით, რა, ბატონო ილია, ცხოვრება სასტიკია.


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  ცხოვრება იმონებს ადამიანს. ყველას კი არ შეუძლია ცდუნებიდან თავის დახსნა. მიეცემა დროის მდინარებას... ზოგი ფიქრობს, აქ ვიყო კარგად და იქ რაც იქნება, იყოსო. მართალია, მიწიერნი ვართ, მაგრამ იმის უნარი უნდა გვქონდეს, რომ ცოტათი ავმაღლდეთ.

 

ვერიკო ანჯაფარიძე:  მართალს ბრძანებთ. უწინ იყო ასეთი ხალხი. ახლა ყველაფერი უფრო და უფრო ვიწროვდება. ლოკალური ხდება. პირობებიც ხომ საჭიროა...


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  დიახ. მაგრამ მთავარი მოქმედი პირი მაინც ადამიანია. სიკეთესა და ბოროტებაში ადამიანი მუდამ მონაწილეობს. აი, მე გახლდით ახლახან საფრანგეთში. მქონდა საუბარი იქაურ ქართველებთან. ყველა მორწმუნეა. ერთმა არქიტექტორმა, კობახიძეა გვარად, მითხრა, რომ რთულია მისი ყოფა-ცხოვრება, დღედაღამ შრომაში ვარო. ბოლოს და ბოლოს, თქვენთვის თუ გრჩებათ დრო-მეთქი, ვკითხე. - კი, განსაზღვრული დრო მაქვსო.


ვერიკო ანჯაფარიძე:  დიახ. მეც ვიყავი საფრანგეთში... იქ უფრო შენახულია სარწმუნოება, იმათ კიდევ ილუზიები აქვთ...


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  სამწუხაროდ, ეს ილუზიები უკვე ქრება. იყო ერთი დიდი მეცნიერი, ტარტულიანე. ის ამბობს, რომ ყოველი ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია. ადამიანს მუდამ ახასიათებს სულიერი კავშირი ღმერთთან. როდესმე ეს გამოჩნდება და ვერავითარი მიწიერი კეთილდღეობა ვერ შეცვლის სულის მოთხოვნებს.


ვერიკო ანჯაფარიძე:  ნამდვილად. მეც მჯერა ეს.


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  უნდა ვეცადოთ, მივყვეთ სულის ხმას... არ დავკარგოთ კავშირი... ეს აუცილებელია.


ვერიკო ანჯაფარიძე:  ბატონო ილია, თქვენ გეცოდინებათ. ქრისტეს სუდარა რომ იპოვეს, ტურინის სუდარა...


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  დიახ. შენახულია ის ფარჩა.


ვერიკო ანჯაფარიძე:  ღმერთო, რა საინტერესოა.


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  რა თქმა უნდა. თანამედროვე ადამიანს ყველაფრის ცოდნა ადგილს აღარ უტოვებს რწმენისათვის. ადრე ქრისტეს რეალურ არსებობასაც კი უარყოფდნენ, ახლა აღიარებენ. თუ ხელი მიგიწვდებათ და 1980 წლის ჟურნალ „ნაუკა ი ჟიზნის" პირველ ნომერს ნახავთ, ზუსტად ამის შესახებ წერია შიგ. პირველი საუკუნის მწერლებს აღწერილი აქვთ იესო ქრისტეს ცხოვრება... ეს ყოველივე სინამდვილეა.


ვერიკო ანჯაფარიძე:  მამშვიდებს თქვენთან საუბარი... იცით, იმდენს ვიძახი: ღმერთო, ღმერთო... და არ ვიცი...


კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის, რომ ღმერთმა გაგაძლიეროთ...





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner