„თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ დღეის მონაცემებით, „თიბისი ბანკში" 5 მილიონ ლარამდე სესხია გალარებული. როგორც ბუცხრიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გალარების პროგრამა ორი კვირის წინ დაიწყო და „თიბისი ბანკი" მასში აქტიურად არის ჩართული.
„დღეის მონაცემებით, 5 მილიონ ლარამდეა გალარებული, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ იანვარი აქტიური თვე არ იყო და გვაქვს მოლოდინი, რომ თებერვლის განმავლობაში გაცილებით მეტი რაოდენობის სესხებს გავალარებთ.
ჩვენ სატელეფონო სერვისის საშუალებით მივაწვდით ინფორმაციას მომხმარებლებს, ასევე ჩვენი ფილიალები და საკრედიტო მენეჯერები უფრო აქტიურები გახდებიან და ვფიქრობთ, რომ პირდაპირი კომუნიკაციით ეფექტი გაცილებით უფრო მაღალი იქნება", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
გალარების პროგრამა 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.