სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე ყოფილი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების" შესახებ „აიპრესთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. დოლიძე პარტიაში დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს. აქვე დასძენს, რომ „დემოკრატებში" ყოფნის პერიოდში „ქართული ოცნების" დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით კითხვები მასაც ჰქონდა, მაგრამ მას ხელისუფლებასთან ასეთი კითხვები აღარ აქვს.
- რამდენიმე თვე გავიდა რაც „თავისუფალი დემოკრატები" დატოვეთ, ახლა მაინც უთხარით ამომრჩეველს, რა გახდა მთავარი მიზეზი იმის, რომ პარტია დაგეტოვებინათ?
- მე ერთს გეტყვით და ამით შემოვიფარგლები. მე არც ერთი ჩემი ნაბიჯი არ მინანია და მათ შორის „თავისუფალ დემოკრატებში" ყოფნა. ეს ჩემთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წლები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ დავამარცხეთ სააკაშვილის რეჟიმი. ჩვენი წილი აგური აგურზე ჩვენც დავდეთ, როდესაც სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმი დავამარცხეთ.
მე ავსტრიაში ვიყავი ელჩი და ჩამოვედი საქართველოში და ჩავერთე პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს მოხდა 7 ნოემბრის მოვლენებისა და აგვისტოს ომის შემდეგ. ეს იყო მნიშვნელოვანი წლები, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული. პარტიულ და შიდა საქმეებზე საუბარი მე არ მჩვევია. არც ინტერვიუში ვაპირებ, ჩვენი შიდა პარტიული თემების გარეთ გამოტანას. ეს ჩემს ინტერესში არ შედის. იმის მიუხედავად ვინ რა განცხადება უნდა გააკეთოს, იქნება ეს ჩემი ყოფილი თანაპარტიელი, თუ სხვისი თანაპარტიელი.
- გაქვთ თუ არა დღეს კომუნიკაცია ირაკლი ალასანიასთან?
- რა თქმა უნდა მაქვს. ირაკლი ალასანია ჩემი მეგობარია, პარტიული განსხვავებულობის მიუხედავად ჩვენ მეგობრებად ვრჩებით. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ყველაფრის პოლიტიზირება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენი მეგობრობა პოლიტიზირების გზით წავიდეს.
- ირაკლი ალასანიას რომ არ გაეკეთებინა განცხადება და პარტია არ დაეტოვებინა თქვენ მაინც აპირებდით პარტიის დატოვებას?
- მე მგონი დეტალებს აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. თუმცა, რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ხაზს ვუსვამ ერთ-ერთი და არა ერთადერთი.
- არაერთი კულუარული ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით გუნდში დაპირისპირება არჩევნებამდეც იყო. დასახელდა კონკრეტული გვარებიც ალასანია და ზურაბ აბაშიძე...
- ზურას და ალასანიას შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ნამდვილად არ ყოფილა ამგვარი რაღაც. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ სხვებისგან განსხვავებით მე ჩემი გუნდის ამბები გარეთ არ გამომაქვს. ეს არის ჩემი პრინციპული მიდგომა ამ საკითხის მიმართ.
- ნინო გოგუაძე ძალიან მწვავედ გაკრიტიკებთ ხოლმე, მასთანაც შენარჩუნებული გაქვთ კომუნიკაცია და მეგობრობა?
- მე შიდა პარტიული საქმეები გარეთ არ გამომაქვს. ნინომ რაც არ უნდა გამაკრიტიკოს მე მას არ ვუპასუხებ, მით უმეტეს გაზეთით და ტელევიზიით. თუ საპასუხო იქნება, მივალ და დაველაპარაკები.
- როდესაც ოპოზიციაში იყავით თქვენი გუნდისგან გვესმოდა „ქართული ოცნების" პრორუსულობაზე განცხადებები...
- ვისგან გესმოდათ? მე ასეთი არ მომისმენია.
- ასეთი განცხადება გაკეთებული აქვს ირაკლი ალასანიას, ალექსი პეტრიაშვილს, ნინო გოგუაძეს. პეტრიაშვილს ჩემთან ინტერვიუშიც აქვს ნათქვამი. განსაკუთრებით ისმოდა „მრეწველებისა" და თოფაძის მიმართ...
- მე არ ვიცი თქვენ ვინ რა ინტერვიუ მოგცათ, მაგრამ მე „ქართული ოცნების" საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით კითხვა არ გამჩენია. ოპოზიციაში ვიქნები თუ ხელისუფლებაში მე პოზიციებს არ ვიცვლი. იგივე ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ, რითაც აქამდე მიცხოვრია.
- კითხვები დემოკრატიულ ფასეულობებთან დაკავშირებითაც არ გქონიათ?
- კითხვები მქონდა, მაგრამ ჩემი კითხვები და საქციელი ერთმანეთის ადეკვატური იყო.
- დღეს აღარ გაქვთ?
- დღეს ვთვლი, რომ ზედმიწევნით სწორ ადგილას ვარ.
- ანუ იმ კითხვებს პასუხი გაეცა?
კითხვები რომ მქონდეს დღეს მე აქ არ ვიქნებოდი.