ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ირანისთვის სანქციების რეჟიმის აღდგენის საკითხს განიხილავს.
ისრაელის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ვაშინგტონში, 15 თებერვალს შედგება.
„ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს შეხვედრაზე ირანთან მიმართებაში სანქციების აღდგენის შესაძლებლობას განვიხილავ. არ შეიძლება დავუშვათ, რომ ირანის აგრესია დაუსჯელი დარჩეს", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანმა კვლავ ჩაატარა ბალისტიკური რაკეტის გამოცდა, რაც, მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეში დარღვევაა.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, ტელეარხმა „Fox News" ინფორმაცია გაავრცელა, რომ თეირანიდან 225 კილომეტრის დაშორებით მდებარე პოლიგონზე ირანმა ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა.
2015 წლის 20 ივლისის გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუცია ირანს მოუწოდებს, არ ჩაატაროს მსგავსი ცდები.