თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის და იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სალი იეითსი იმიგრაციის შესახებ განკარგულების შესრულებაზე უარის თქმის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უწყებას დროებით ვირჯინიის შტატის საოლქო პროკურორი დანა ბოენტე გაუძღვება, ვიდრე აშშ-ის სენატი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯეფ სეშნს არ დაამტკიცებს.
„გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა სალი იეითსმა იუსტიციის სამინისტროს უღალატა, როდესაც უარი განაცხადა, შეესრულებინა კანონიერი ბრძანება, რომელიც აშშ-ის მოქალაქეების დაცვაზეა მიმართული", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ სალი იეითსი ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას გუნდში მუშაობდა.
„ქალბატონი იეითსი ობამას ადმინისტრაციის მიერ დანიშნულია. იგი არ ემხრობა საზღვრების დაცვასთან და არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს", - აღნიშნეს თეთრ სახლში.