logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრზე უფრო განათლებული აღმოჩნდა!
- +

26 მარტი. 2016. 17:25




საქართველოს პარლამენტს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლში ცვლილებები შეაქვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი სახის დანაშაულზე კანონი მკაცრდება, დანაშაული დაკვალიფიცირდება სიმძიმეების მიხედვით და სასჯელი გაიზრდება 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. აღნიშნული განცხადება მიროტაძემ „რეპორტიორთან" საუბარში გააკეთა და აქვე დასძინა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უზრუნველყოს.


- ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება ქვეყანაში უნდა იყოს ხელშეუხებელი და დაცული, მიუხედავად იმისა, ის მაღალი თანამდებობის პირია თუ არა. სახელმწიფო ვალდებულია, თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება ამ ქვეყანაში დაიცვას და ვინც გადაწყვეტს, რომ მისი ხელყოფა მოახდინოს, შესაბამისად უნდა დაისაჯოს, კანონის მთელი სიმკაცრით.


ერთ­ერთ პრევენციულ ზომად შემოგვაქვს კანონის გამკაცრება და ამ დანაშაულის მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადაყვანა. ამ საკითხთან დაკავშირებით ინიციატივა უკვე დაარეგისტრირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა. ამ მუხლის ამოქმედება ნიშნავს, რომ ეს დანაშაული დაკვალიფიცირდება სიმძიმეების მიხედვით, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ადამიანს, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რომ მისთვის მიუღებელი პიროვნება დააშანტაჟოს და საზოგადოებას ახალი ბინძური კადრები წარუდგინოს, ეცოდინება, რომ ეს დანაშაული იქნება მკაცრად დასჯადი.

 

- დათო ლორთქიფანიძის მიმართვას ინგა გრიგოლიას მიმართ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ფიქრობთ, რომ ამ საკითხზე მსგავსი დამოკიდებულებით საუბარი მისაღებია? და არის თუ არა ეს სრულიად კოალიციის დამოკიდებულება?


- ვერ ვიტყვი, რომ ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია. პირადად მე წარმოვადგენ კოალიციაში შემავალ ერთ-ერთ სუბიექტს. მე და ჩემი პარტია სრულად ვემიჯნებით მორალური ტერორის ყველანაირ ფორმას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ბინძური მეთოდებით ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ამ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა. ამას უფრო ღრმა ფესვები აქვს და ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა. ასე რომ, ის, რაც აზიანებს საზოგადოებას, მიუღებელია ჩვენთვის. მე მაინც ვთვლი, რომ ეს არის კონკრეტული პირების დამოკიდებულება და არა მმართველი გუნდის პოზიცია. მე ვიცი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ასეთ თემებზე საერთოდ არ შეიძლება ასე საუბარი.


აქვე მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრისგან არ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები. სხვებსაც შევამჩნიე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქილიკის ტონი აქვს არჩეული, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.


საზოგადოებამ ამ კადრების გავრცელების შემდეგ მკაცრი და მკაფიო პოზიცია აჩვენა, რომ ბრძოლის ასეთი ბინძური მეთოდები და ხერხები მისთვის მიუღებელია. მადლობელი ვარ საზოგადოების, რომელიც, როგორც ჩანს, პოლიტიკურ სპექტრზე უფრო განათლებულია და მოქალაქეობრივად უკეთესად აზროვნებს.

 

- თამარ მეჭიაური აცხადებს, რომ იმ თანამდებობის პირებმა, ვისზეც კომპრომატები შეიძლება არსებობდეს, პოსტები უნდა დატოვონ. ეთანხმებით თუ არა ამ მიმართვას?


- არავის საქმე არ არის სხვისი პირადი ცხოვრება. ყველა ადმაიანი ამ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, მაგრამ ესეც არავის დაუწესებია და ვინ როგორ იცხოვრებს და რამდენად მაღალი იქნება მისი მორალური ხარისხი, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ვერავინ განსაზღვრავს, საიდან იწყება და სად მთავრდება მორალური ღირებულებები. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა ხელისუფლება ჰყავს. მაგრამ, მგონია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს მის პროფესიულ უნარ-ჩვევებს.


საზოგადოებას აქვს უფლება, კატეგორიულად მოითხოვოს ამა თუ იმ ადამიანის თანამდებობიდან გადაყენება, თუკი პრობლემა არსებობს მის საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რომ ვიღაცას ვიღაცის პირადი ცხოვრება არ მოსწონს, ეს ვერ გახდება ამ ადამიანის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი.


- ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე რას ფიქრობთ?


- ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი თავად არ გააკეთებს განცხადებას ამის შესახებ, მე ვერ ვიტყვი, რომ ის ბრუნდება. მსგავსი ინფორმაცია პირველწყაროდან არ მაქვს. კონსულტაციების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა. ამიტომ, ამაზეც ვერაფერს ვიტყვი.


გუნდში ამის განხილვა არ ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს უფლება, თავის რესურსი მოახმაროს იმ საქმეს, რომელიც მიაჩნია, რომ კარგად გამოსდის. რაც შეეხება ირაკლის, მას აქვს გამოცდილება, შესაბამისი განათლება, ქარიზმა. საბოლოო ჯამში, მას, რა თქმა უნდა, აქვს უფლება და რესურსი, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში. სხვა საკითხია, რამდენად სწორი პოლიტიკური ქეისით მოდის, თუ ბრუნდება რეალურად. რაც შეეხება იმას, თუ სად ვხედავ მე მას, ერთადერთი ადგილი ეს არის „ქართული ოცნება".


- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზეც გკითხავთ. როგორც ჩანს, რუსეთი საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული ურთიერთობით უკმაყოფილოა. შესაძლოა თუ არა, რომ ამ უკმაყოფილების ფონზე, საქართველოს რუსეთისგან საფრთხე ელოდეს?


- რუსეთის მხრიდან საქართველოს საფრთხე ელოდებოდა, ელოდება და მომავალშიც მუდმივად დაელოდება. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში მთავარი ის კი არ არის, თუ რას ფიქრობს რუსეთი, მთავარია, რამდენად ვართ ჩვენ მზად, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. გაცხადებულია რუსეთის პოზიცია რომ მას არ სურს, NATO იხილოს მის საზღვრებთან ახლოს და მას არ მოსწონს საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსეთისა და საქართველოს ინტერესები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს არის ფაქტი. ეს ჩვენ ვიცით. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ არა იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს რუსეთი, არამედ უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორ დავაღწიოთ თავი მის სახიფათო ქმედებებს. ეს არის ყველაზე მთავარი გამოწვევა. ამისთვის სჭირდება საქართველოს NATO-ც და ევროპული სტრუქტურებიც, რომ ის იყოს დაცული. საქართველოს სხვა არჩევანი არ აქვს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner