სუს-ის ინფორმაციით, გალის რაიონიდან გატაცებული გერონტი ცატავა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული და გალის ე.წ. იზოლატორში იმყოფება.
„აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ადასტურებს, რომ ცატავა ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული და გალის ე.წ იზოლატორში იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ საქმეზე ცხელი ხაზის მეშვეობით აგრძელებს მუშაობას. თუ არ მოხდა გერონტი ცატავას უახლოეს პერიოდში გათავისუფლება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის საკითხს 22 თებერვალს ჩანიშნულ IPRM-ის შეხვედრაზე განიხილავს", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
გალის რაიონიდან გატაცებულ გერონტი ცატავას ახლობლები 4 დღეა ეძებენ. როგორც ცატავას მეუღლე აცხადებს, სახლში 6 შეიარაღებული პირი შევიდა, რომლებმაც მისი მეუღლე წაიყვანეს და დედამთილს უთხრეს, თუ 200 ათას რუბლს არ გადაიხდიდნენ, 10-დან 12 წლამდე პატიმრობას შეუფარდებდნენ. მისივე თქმით, სახლში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირებმა უთხრეს, რომ ისინი აფხაზეთის ე.წ. მილიციის თანამშრომლები იყვნენ.