„ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ეჭვობს, რომ შენობაში ხანძრი დივერსიული აქტის შედეგად გაჩნდა. ამის შესახებ მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხრიდან ხანძარი არ გაჩენილა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ახალი აქციონერები მოვედით "ბავშვთა სამყაროში", ვცდილობთ მის განვითარებას. 3 წელია ვარემონტებ „ბავშვთა სამყაროს" და დაახლოებით მილიონნახევარი მაქვს დახარჯული ამაში. ათასი ვერსია წამოვიდა ხანძრის შემდეგ, რომ ვითომ სპეციალურად დაწვეს, ასე ქნეს, ისე ქნეს, მაგრამ რაც სიმართლეა, ის არ დაიმალება. ჩვენ ელექტროენერგიას ვთიშავთ, როდესაც იკეტება მაღაზია. ძალიან გაურკვეველი რაღაც მოხდა. თავიდან არც გვქონდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება რაღაც მიზანმიმართული ყოფილიყო, რადგან ამას ვერც დავუშვებდით. ჩვენ მტერი არ გვყავს, მაგრამ ახლა რაღაცეები იკვეთება და ცოტა ეჭვები გვაქვს. ამხელა ხანძარი რომ გაჩნდა, მაქვს ეჭვი, რომ რაღაც დივერსიას ჰქონდა ადგილი", - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.