logo_geo
eng_logo
„ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი სუკ-ის ყოფილი აგენტია“ - აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი
- +

1 თებერვალი. 2017. 11:07



„დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი სუკ-ის ყოფილი აგენტია", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც „ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია წერს, ოლბრაიტმა ისაუბრა ამერიკის როლზე მსოფლიოში, რა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ვაშინგტონს საერთაშორისო წესრიგის შექმნასა და შენარჩუნებაში და აღნიშნა, რომ აშშ-ს განსაკუთრებული როლი აკისრია საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებში.


„ჩვენ შეუცვლელი ქვეყანა ვართ. ეს პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა და მე ხშირად ვიმეორებ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტო უნდა ვიყოთ, ეს პარტნიორებსაც გულისხმობს", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.


თავად, როგორც იმიგრანტი, ოლბრაიტი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დევნილების მიღებას ემხრობა და აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს ლტოლვილები სირიიდან და დროებით აკრძალოს მუსლიმი უმრავლესობის მქონე 7 ქვეყნიდან ვიზიტორების მიღება. გასულ კვირას, ოლბრაიტმა „ტვიტერზე" დაწერა, რომ ის მზადაა, ისლამი მიიღოს მუსლიმი მიგრანტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად.


„მე იმიგრაციის ტრაგიკული ისტორია არ მაქვს... ჩვენ როდესაც ამერიკაში ჩამოვედით, ხალხი გვეუბნებოდა, რომ ძალიან წუხან, რომ ჩვენი ქვეყანა საშინელმა სისტემამ ჩაიგდო ხელში და გვეკითხებოდნენ, რა შეეძლოთ გაკეთებინათ ჩვენთვის. სწორედ ესაა ის, რაც ამერიკას ძლიერ ქვეყანად ქმნის", - განაცხადა ოლბრაიტმა.


მისივე თქმით, ამერიკას უკვე აქვს მექანიზმები იმისთვის, რომ შეამოწმოს მათი მონაცემები, ვინც ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვს. ამიტომ ტრამპის მიერ ინიცირებული „განსაკუთრებული შემოწმების" პროცედურის საჭიროებას ის ვერ ხედავს.


„მე ვფიქრობ, როდესაც შიშის ფაქტორით მოქმედებ, საშინელი შეცდომებს დაშვებაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, ერაყის ომი შიშის ფაქტორით იყო გამოწვეული. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს - განსხვავებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ტერორიზმის საფრთხე მუდმივია. ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ, ვინ არიან ისინი და საიდან მოდიან. ამას ჩვენი სადაზვერვო სამსახურები აკეთებენ", -თქვა მან და დასძინა, რომ „დევნილები ის ხალხია, ვინც ბევრს მუშაობს და ჩვენს ქვეყანაში მათთვის ბევრი ადგილია", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.


ოლბრაიტი ამბობს, რომ ტრამპის მიერ ბრძანების გამოცემამდე არ მომხდარა გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტების და სააგენტოების მიერ.


„ტრამპის ადმინისტრაცია არ იყო მზად ამ განკარგულებისთვის. არც ერთი დეპარტამენტი არ იყო ჩართული ამ პროცესში. ეს კარგად აჩვენებს, როგორ მიდიოდა ხელისუფლების გადაცემის პროცესი. ამასთანავე მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების გაუთვალისწინებელი შედეგები - როგორ გვიპასუხებს ერაყის მთავრობა? ჩვენ იქ სამხედროები გვყავს. ეს ცუდად დაგეგმილი ოპერაციაა, რომელმაც ჩვენი ხალხი აღაშფოთა და ასევე ისინიც, ვინც [ამერიკაში] ჩამოდიან", - განაცხადა ოლბრაიტმა.


გარდა საერთაშორისო მოვლენების ზოგადი მიმოხილვისა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის და პოსტსაბჭოთა სივრცისადმი ამერიკის პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა. მისი თქმით, დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი КГБ-ს ყოფილი აგენტია.


ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის პოლიტიკა არ უნდა იყოს აგებული იმაზე, მოსწონს თუ არა რუსეთს ვაშინგტონი. ოლბრაიტს თქმით, ძალის დემონსტრირება მოსკოვისადმი სწორი მიდგომაა.


„უნდა გვესმოდეს ისტორია. ქვეყანა (რუსეთი) იყო იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელსაც უზარმაზარი ძალა ჰქონდა. ის (საბჭოთა კავშირი) ჩვენი მთავარი მტერი იყო. მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტო რამ, მთავარი მეტოქის ძალაუფლება ჩამოიქცა ომის გარეშე და ამის შემდეგ ჩვენ ვცდილობდით, გაგვერკვია, როგორ გვემუშავა რუსეთთან. მართალია, ვერ შეთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ საჭიროა, გაარკვიო, რაზე თანხმდები და რაზე არა... მე სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, ელცინს შევხვდი. მან მკითხა, თუ რატომ ფართოვდებოდა NATO. მე ვუთხარი, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული და რაღაც ეტაპზე თუ მათ სურვილი ექნებოდათ, თვითონაც გამხდარიყვნენ NATO -ს ნაწილი, ჩვენ მზად ვიყავით, ისინი მიგვეღო", - განაცხადა ოლბრაიტმა.


ოლბრაიტის თქმით, რუსეთი ცდილობს ევროკავშირის და ევროპის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას, იყენებს პროპაგანდას, რათა მოახდინოს სხვადასხვა საკითხებით მანიპულირება და უთანხმოებების გაღვივება.


მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები არ უნდა გააუქმოს იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს.


„პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს. ის ცდილობს, რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მის პოპულარობას ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და ცდილობს გავლენის სფეროების შენარჩუნებას. პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს ევროპაში. საჭიროა მკაფიოდ ითქვას, რომ არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას, ვინაიდან ისინი (რუსები) არ ასრულებენ ამისთვის საჭირო პირობებს. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას, და ვფიქრობ, საჭიროა ძალის გამოჩენა. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის, რუსებს მოსწონდე",- აღნიშნა ოლბრაიტმა.


ოლბრაიტის განცხადებით, ამერიკა რუსეთთან ურთიერთობებში ფრთხილად უნდა იყოს და არ უნდა იმოქმედოს იმ პრინციპით, რომ შესაძლოა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი სიმპათია ჩამოყალიბდეს.


„მე ვფიქრობ ტრამპის ადმინისტრაციას სურს სანქციების გაუქმება. ასევე არიან ევროპელები, რომელთაც ამ მიმართულებით უნდათ წასვლა. პუტინი და მისი ხალხი ქმნიან დევნილებისგან პრობლემას. ეს მათი პროპაგანდის ნაწილია და ისინი უფრო კარგად აწარმოებენ პროპაგანდას, ვიდრე ჩვენ. ისინი სხვა სივრცეში არიან და ჩვენ სხვაში. ბევრმა სხვა პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მასთან ურთიერთობაში, მაგალითად ბუშმა. ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ და არ უნდა წაგვიღოს ფიქრმა ორმხრივი მოწონების შესაძლებლობაზე", - განაცხადა ოლბრაიტმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner