ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიისთვის სამუშაოების განხორციელების პროცესში გარკვეული უპირატესობის მინიჭებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღეს დიდი ოდენობით თანხა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.