logo_geo
eng_logo
სიღნაღში ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა
- +

26 მარტი. 2016. 18:32




სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის  გადამმუშავებელი  პირველი საწარმო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.  კომპანია  „ქართული ზეთისხილის" საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამმუშავებელი  და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების" ( 345 800 აშშ დოლარი)  პროგრამის ფარგლებში აშენდა.


გიორგი კვირიკაშვილმა 300 ჰექტარამდე გაშენებული ზეთისხილის პლანტაცია და ახალგახსნილი საწარმო დაათვალიერა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.


„ეს არის დიასპორული ინვესტიცია, საქართველოდან წასულმა ჩვენმა თანამემამულემ განახორციელა ინვესტიცია და გააშენა ზეთისხილის ბაღები, ჯამში არის 200 ჰექტარზე მეტი. აქ, კახეთის რეგიონში გაიხსნა გადამმუშავებელი საწარმო. მან დაასაქმა 100 ადამიანზე მეტი და უშვებს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს და ასევე დაფასოებულ ზეთისხილს. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებით, ჩვენ არაერთი საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ რეგიონში. ეს პროექტი მათ შორის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, მსგავსი პროექტები კიდევ განხორციელდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის  საერთო საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით,  5 მილიონი ლარია. ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განმარტებით,  პროექტის ფარგლებში,  გაშენდა ზეთისხილის პლანტაცია, სადაც  დაირგო 250 ათასი ზეთისხილის ნერგი  და აშენდა გადამმუშავებელი საწარმო.  კომპანია ქართული  ზეთისხილის  პირველ მოსავალს   საკუთარ  საწარმოში გადაამუშავებს.  სოფელ საქობოში წარმოებული პროდუქცია  განკუთვნილია როგორც ადგილობრივი  ბაზრისთვის, ასევე  საექსპორტოდ.


კომპანია მომავალში საქმიანობის გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner