ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყორნისის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა 2 ქართველი ქალი დააკავეს. ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
უწყებაში „პირველს" განუცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაკავებული პირების გასათავისუფლებად მუშაობს.
„ვადასტურებთ ორი პირის დაკავებას ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად", - განუცხადეს „პირველს" უწყებაში.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებულ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსი ოკუპანტები ყოველწლიურად ათობით ქართველს აკავებენ, ჯარიმის სახით გარკვეულ თანხას ახდევინებენ და შემდეგ ათავისუფლებენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, მოახდინა მათი ოკუპიაცია და დღემდე ახორციელებს საქართველოს ამ ტერიტორიების კონტროლს.