უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინის NATO-ში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „Berliner Morgenpost"-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რასაც მართლაც ვაფასებ, ეს უკრაინელი ხალხის აზრია. ოთხი წლის წინ NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას მოსახლეობის 16% უჭერდა მხარს. ახლა ეს მაჩვენებელი 54%-ს შეადგენს. როგორც პრეზიდენტი, მე გავიგებ ჩემი ხალხის აზრს და ჩავატარებ რეფერენდუმს NATO-ში გაწევრიანებაზე და თუ უკრაინელები მხარს დაუჭერენ ამას, მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა მივაღწიო უკრაინის წევრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში", - აღნიშნა პოროშენკომ.
2014 წლის დეკემბერში უკრაინის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ორ კანონში და უარი განაცხადა უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსზე.
უკრაინის სამხედრო დოქტრინის ახალი რედაქციის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 24 სექტემბერს გამოქვეყნდა, კიევი თავის პრიორიტეტად NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას მიიჩნევს.