დიდთოვლობის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში თამაზ გორგაძის საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია 5-სულიანი ოჯახის 3 წევრი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ოჯახის სხვა წევრებიც. ოჯახის უფროსი თამაზ გორგაძე გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს 21 წლის ლადო გორგაძის სამაშველო ოპერაცია, რომელიც ბეტონის მასის ქვეშაა მოყოლილი.
ადგილზე იმყოფება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები. ასევე სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები და აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება ნგრევის მიზეზების გამოსაკვლევად.
ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოსახლეობას სიფრთხილიკენ მოუწოდებს.
„მუნიციპალიტეტში, თოვლის გამო სახლების ნგრევის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ამ ორი დღის განმავლობაში, რის გამოც უკვე ორი ადამიანი გარდაიცვალა. მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას, გადმოთოვლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები", - განაცხადა ნადიმ ვარშანიძემ.