დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვარიანტს დღეს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები გაეცნენ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მათ დეტალურად გააცნო ინსტრუქციის სამუშაო ვერსიაში მოცემული კრიტერიუმები და კონკრეტული მაგალითები.
„როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქცია და აღნიშნული დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ინსტრუქციაში მოცემულია კონკრეტული კრიტერიუმები თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ავანსის თანხად, ასევე, მოცემულია კონკრეტული მაგალითები, იმისთვის, რომ უფრო მარტივად მოხდეს ბიზნესის მხრიდან აღნიშნული ინსტრუქციის გამოყენება. როგორც აღვნიშნეთ, ფინანსთა სამინისტრო ერთი კვირის ვადაში დაელოდება ბიზნესის მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებსა და წინადადებებს, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მათი ინტერესები დოკუმენტის დამტკიცების დროს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.
„შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. გავეცანით ინსტრუქციის პროექტს, ჩვენი მხრიდან გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კარგია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან ასეთი დიალოგის პრაქტიკა დაინერგა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი წინასწარ იხილება. ფინანსთა სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, გამოთქმული შენიშვნები აისახოს საბოლოო დოკუმენტში და გადამხდელებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ აღნიშნული ინსტრუქცია", - აღნიშნა სამშენებლო კომპანია „დაგის" წარმომადგენელმა გელა მღებრიშვილმა.
დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიის გასაცნობად, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს სხვადასხვა ბიზნესგაერთიანებაში შემავალი კომპანიების დირექტორებთან და ფინანსურ მენეჯერებთან შეხვედრებს.